თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანიდან ისროლეს, ნატოს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულმა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა. მისი თქმით, მანამდე რაკეტამ ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცე გადაკვეთა.
ირანის შეიარაღებული ძალები უარყოფენ, რომ რაკეტა თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით ისროლეს. ირანის სახელისუფლებო მედიის საშუალებით გავრცელდა განცხადება, რომ ირანი პატივს სცემს თურქეთის სუვერენიტეტს. თუმცა ბუნდოვანი რჩება, რაკეტა საით იყო მიმართული.
თურქეთის ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან. ოფიციალური ანკარა აკეთებს განცხადებას, რომ იტოვებენ უფლებას, უპასუხონ ნებისმიერ მტრულ მოქმედებას სახელმწიფოს წინააღმდეგ და ასევე აფრთხილებენ მხარეებს, თავი შეიკავონ კონფლიქტის ესკალაციისგან.
მოსახლეობისადმი მიმართვაში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა „იღებს ყველა საჭირო პრევენციულ ზომას“ ნატოსთან კონსულტაციის საფუძველზე და „უმკაცრესად აფრთხილებს, მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს“.
„თუ ჩვენ, როგორც ერს, გვინდა, რომ გვქონდეს მშვიდობა, მუდმივად უნდა გავზარდოთ ჩვენი ქვეყნისთვის შემაკავებელი საშუალებები. ამ რთულ დროს ბედს ვერაფერს მივანდობთ, რაც ჩვენი საზღვრებისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას შეეხება“, — განაცხადა ერდოღანმა.
ნატომ დაგმო ირანის მხრიდან თურქეთის მიზანში ამოღება და განაცხადა, რომ ალიანსი ყველა მოკავშირის გვერდით დგას.
დღეს გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მხარემაც, რომ ნახიჩევანის აეროპორტზე ირანის მხრიდან დრონებით იერიში მიიტანეს. აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიის ცნობით, დაზიანებულია აეროპორტის შენობა და დაშავებულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
28 თებერვალს, გამთენიისას, ისრაელმა და აშშ-მა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. საჰაერო დარტყმები განხორციელდა თეირანში, ისპაჰანსა და ყუმში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე: ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, სარაკეტო ქარხნებსა და სამთავრობო შენობებზე. პირველივე დღეს თავდასხმებს ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას , და ირანის შეიარაღებული ძალებისა და გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი პირები.
ირანმა საპასუხოდ სარაკეტო იერიში მიიტანა როგორც ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე, ბაჰრეინზე, კატარზე, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, სადაც განლაგებულია აშშ-ის სამხედრო ბაზები.
