ახალი ამბები

საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი გახდა

24 ნოემბერი, 2010 • • 1207
საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი გახდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. თამარ ჩუგოშვილმა დღეს თამარ ხიდაშელი შეცვალა. 

დღეს საიას საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თამარ ჩუგოშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც საიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ნეტგაზეთს განუცხადა, თამარ ხიდაშელს, საიას უკვე ყოფილ თავმჯდომარეს,  თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აღარ ჰქონდა
.

თამარ ხიდაშელი საიას თავმჯდომარე 2008 წლიდან იყო. როგორც წესი, თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით ირჩევენ. ერთ კანდიდატს უფლება აქვს, ორჯერ გახდეს თავმჯდომარე.

კანდიდატს ასოციაციის 21–კაციანი გამგეობა ირჩევს. ისინი ჯერ კანდიდატებს ასახელებენ ამავე გამგეობიდან, ხოლო შემდეგ ფარული კენჭისყრის პრინციპით ერთს ირჩევენ.

გამგეობის შემადგენლობა ყოველ წელს ახლდება: 7 ახალი წევრი ემატება და 7 ძველი აკლდება.

თამარ ჩუგოშვილი საიას თავმჯდომარე მინიმუმ მომდევნო ერთი წლის მანძილზე იქნება.

თამარ ჩუგოშვილი:

2004 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურისტის ასისტენტის თანამდებობაზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ – იურისტის თანამდებობაზე.
2008 წლიდან იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სხვადასხვა პროექტის კოორდინატორი.
2010 წლის მარტიდან მაისამდე ამერიკული საბჭოების Legislative Fellows Program-ის ფარგლებში სტაჟირება გაიარა აშშ კონგრესის სამართლის ბიბლიოთეკაში.
2009 წლიდან დღემდე იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი.
2010 წლის 23 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის მიერ არჩეულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი