თბილისის მერია ადასტურებს, რომ კახა კალაძე არაბთა გაერთიანებული საამიროებში იმყოფება და გამოფრენას ვერ ახერხებს.
„თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერ ახერხებს გამოფრენას“, — განაცხადეს დედაქალაქის მერიაში.
გუშინ „ტაბულამ“ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად წასული კახა კალაძე, ცოლთან და თანმხლებ პირებთან ერთად, დუბაიში „ჩარჩა“, რადგან აშშ-ისრაელის თავდასხმაზე ირანის საპასუხო იერიშების გამო, ავიარეისები გაუქმდა. კახა კალაძესთან და ანუკი არეშიძესთან ერთად, საამიროებში იმყოფება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ასევე, ფეხბურთელი კობა ამისულაშვილი და მისი ცოლი, ნინი ზარქუა.
თბილისის მერიის პრესსამსახურში გუშინ თქვეს, რომ არასამუშაო დღეებია და არ იციან, სადაა თბილისის მერი.








