საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ირანში განვითარებულ მოვლენებს, ისრაელისა და აშშ-ის მიერ თავდასხმის შესახებ ცნობების გავრცელებიდან თითქმის 12 საათის შემდეგ.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, იხელმძღვანელონ ოფიციალური მითითებებით და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეგიონის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შესაბამისად გაუწიონ დახმარება”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 28 თებერვლის დილით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიწყო “პრევენციული თავდასხმა” ირანზე. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში “მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია” დაიწყო.

დაზუსტებული ინფორმაციით, დაიბომბა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია. უცნობია, დაბომბვის მომენტში ხამენეი რეზიდენციაში იმყოფებოდა თუ არა.

მეტი დეტალი ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე: