სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას აეკრძალა რუსეთის მოქალაქის, ნიკოლაი ბელიკოვის საქართველოდან გაძევება. ამის შესახებ ნეტგაზეთს უთხრა ბელიკოვის ადვოკატმა, დავით მჟავანაძემ. ის რუსი აქტივისტის ინტერესებს საქართველოში იცავდა.
როგორც იურისტი განმარტავს, ეს არის შუალედური გადაწყვეტილება იქამდე, სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს ბელიკოვის სარჩელზე, რომლითაც მან დეპორტაციის შესახებ საქართველოში მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
ბელიკოვის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც 2025 წლის 22 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე პროევროპულ აქციაზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებოდა. სასამართლომ მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, შემდეგ კი, დეპორტაცია შეუფარდა. ბელიკოვმა სააპელაციო სასამართლოსაც მიმართა, თუმცა გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
ნიკოლაი ბელოკოვი 10 წელზე მეტია, რაც საქართველოში ცხოვრობს. მჟავანაძის ინფორმაციით, ბელიკოვს ჯერ კიდევ დაკავებამდე ჰქონდა სასამართლო დავა საქართველოში მის სტატუსთან დაკავშირებით – ის ითხოვდა ბინადრობის უფლების გახანგრძლივებას. ეს საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოშია.
“არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს, რომ ნიკოლაი ბელიკოვის რუსეთში გაძევების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრისგან მე თავს შევიკავებ ნიკოლაის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ არის ისეთი ფაქტები, რომლებზეც შემიძლია საჯაროდ ვისაუბრო. მაგალითად, ის იყო ნავალნის თანამოაზრე [ალექსეი ნავალნი – რუსი ოპოზიციონერი, რომელიც 2024 წლის 16 თებერვალს ციმბირის ციხეში დაიღუპა]; ის არის რუსეთში რეგისტრირებული ოპოზიციური პარტიის წევრი; იყო აქტიური მოქალაქე, რომელიც პუტინის რეჟიმს ებრძოდა რუსეთში; ის ღიად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე; ის არ ერიდება საჯაროდ, თავის სოციალურ ქსელში პუტინის რეჟიმის მოქმედებების კრიტიკას როგორც რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, ასევე უკრაინაში”, – ამბობდა მჟავანაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, ბელოკოვის ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ.
ამავე თემაზე:
