დღეს, 20 თებერვალს, ნიკო კვარაცხელიას საქმეზე გამოიკითხა ყოფილი პოლიციელი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი. ქვაჭრელიშვილი 2021 წელს, კვარაცხელიას მკვლელობის დროს, წყნეთის პოლიციის უფროსი იყო და სწორედ მან დააკავა აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე – ადამიანები, რომლებსაც კვარაცხელიას მკვლელობისთვის 17 და 16 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.

ქვაჭრელიშვილი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. მას პროკურატურა ქრთამის აღებას ედავება, რის გამოც თბილისის საქალაქოს სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამჟამად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.

მას შემდეგ, რაც პროკურატურამ კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთები დაასახელა, ქვაჭრელიშვილმა საჯაროდ გამოთქვა მზაობა, გამოძიებისთვის მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია. რამდენიმე დღის განმავლობაში იგი ელოდებოდა, რომ გამოჰკითხავდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით.

“პირველი გაესაუბრა და მოისმინა ისტორია: ინფორმაცია დანაშაულში მონაწილე პირების შესახებ, გარემოებები, რომლებიც ობიექტური გამოძიებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ყოფილი პოლკოვნიკი ფლობს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებმაც დამნაშავეებს წყნეთის პოლიციის განყოფილებაში მიაკითხეს და ისინი გამოსაკითხად წაიყვანეს.

დღეს პოლიტპატიმარი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მზად არის, რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ პროკურატურის გამომძიებელს, ადვოკატის თანდასწრებით, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია და დაეხმაროს ნიკო კვარაცხელიას ოჯახს სრული სიმართლის დადგენაში”, – წერდა ქვაჭრელიძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი 17 თებერვალს.

ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდნენ ყოფილი პოლიციელის გამოკითხვაზე დაბარებას. გუშინ, 19 თებერვალს მიგინეიშვილმა დაწერა, რომ თუ 20 თებერვლის დღის ბოლომდე ქვაჭრელიშვილს არ გამოჰკითხავნდნენ, 21 თებერვალს გაასაჯაროებდნენ მათ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ.

საბოლოოდ ქვაჭრელიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. ადვოკატის ინფორმაციით, კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ყოფილ კოლეგას რამდენიმე საათის განმავლობაში ჰკითხავდა.

“გამოძიებას უკვე აქვს ინფორმაცია:
  • მკვლელების მიერ მოყოლილი სრული ისტორიის შესახებ;
  • ლოკაციები, სადაც მკვლელობაში მსჯავრდებულები იმყოფებოდნენ;
  • ტერიტორია, სადაც მკვლელობა იგეგმებოდა;
  • სახელები და გვარები ყოფილი და ამჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ წყნეთის პოლიციაში საათების განმავლობაში;
  • საუბრების შინაარსი, რომელსაც ისმენდა დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მაღალი თანამდებობის პირებისგან;
  • დამატებით ფაქტები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის”, – წერს მიგინეიშვილი.

გარდა ამისა, ის ასაჯაროებს წერილს, რომელიც დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა საჯაროდ გასავრცელებლად დაწერა.

“მადლობა ყველას! ვგრძნობ თქვენს თანადგომასა და სიმართლის მხარეს ერთად ყოფნას.

კიდევ ერთხელ, საჯაროდ, კვარაცხელიების ოჯახს ვუდასტურებ ჩემს სრულ მხარდაჭერას სიმართლის პოვნის გზაზე. ყველამ უნდა ვიპოვოთ სამართალი. ადამიანებმა, რომლებიც წლების მანძილზე დაგვაზიანა კონკრეტულ პირთა ბოროტებამ და გავლენებმა.

ვარ მხნედ, ბოლომდე ბრძოლის განწყობაზე და დღეს ვცდილობ ჩემი სიმართლე სააპელაციო სასამართლოს დავუმტკიცო. მესმის, რომ დღეს იმ ადამიანების სახელებისა და გვარების ხსენება, რომლებიც ჯერ კიდევ არიან მაღალ თანამდებობებზე, არ არის უსაფრთხო, მაგრამ დღეს იმედი მაქვს ხალხის მხარდაჭერის და ობიექტური გამოძიების, რომელიც დაიცავს ყველა ირგვლივ მყოფი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მე ვსაუბრობ ღიად გამოძიებასთან, არაფერი მაქვს დასამალი და ვითხოვ – სწრაფ მართლმსაჯულებას, სამართლიანობასა და უსაფრთხოებას”, – წერია ქვაჭრელიშვილის წერილში.

22 ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოკლეს. 2022 წლის 15 აპრილს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა კვარაცხელიას მკვლელობაში დამნაშავედ ცნო აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე.

მკვლელობიდან თითქმის 5 წლის შემდეგ, 2026 წლის 17 თებერვალს პროკურატურამ კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთებად ძმები – გურამ და დავით კაკულიები და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბესარიონ ჟვანია დაასახელა. მათ 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

კაკულიები უკვე 3 წელზე მეტია ციხეში არიან. ისინი 2022 წელს, სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს და 2023 წელს 9-9 წლით პატიმრობა მიესაჯათ. რაც შეეხება ბესარიონ ჟვანიას, მასზე ძებნაა გამოცხადებული.