ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას დედა, ნინო ქადაგიძე-ჟვანია ადასტურებს, რომ მისი შვილი მეგობრობდა ძმებ კაკულიებთან, თუმცა ამბობს, რომ მკვლელობის დაგეგმვის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

გამოძიების თანახმად, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ძმებმა, გურამ და დავით კაკულიებმა და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიამ დაგეგმეს. ამ უკანასკნელის ოჯახის სახლში, ილია ჭავჭავაძის გამზ. N78-ში იყვნენ დაბინავებული ძმები კაკულიები, რომლებმაც 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს და აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, მკვლელობის შემსრულებლები.

„რაც ჩანს, ახლა ურთიერთობა ჰქონდა და ეს ჩვენ არ დაგვიმალავს, და მონაწილეობაზე და იმაზე, რომ იცოდა რამე, არ ვადასტურებ. ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. ურთიერთობა რომ ჰქონდა კაკულიებთან, არ დაგვიმალავს ჩვენ. დანარჩენს, რომ იცოდა ამ მკვლელობის შესახებ, მე მგონი, გამორიცხულია, მე ასე ვფიქრობ“, — განუცხადა ნინო ჟვანიამ „ტვ პირველს“.

ნინო ჟვანია ადასტურებს ნიკო კვარაცხელიას დედისთვის მიცემულ პირობას, რომ თუ ბუსა ჟვანია დამნაშავე იქნებოდა, თავად ჩააბარებდა პროკურატურას. ნინო ჟვანია არ ამბობს, სად იმყოფება ახლა მისი შვილი.

„მონაწილეობაზე და ის, რომ იცოდა და მონაწილეობდა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და მიუღებელია და დანარჩენზე ვნახოთ“, — დასძინა ჟვანიამ.

საქართველოს პროკურატურამ მკვლელობიდან მეხუთე წელს გახსნილად გამოაცხადა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე. პროკურატურამ მკვლელობის დამკვეთებად ძმები, გურამ და დავით კაკულიები დაასახელა. გამოძიების თანახმად, ამ საქმეში მათ ეხმარებოდა ბესარიონ (ბუსა) ჟვანია — გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟი, და ბრალს მასაც წარუდგენენ. ბუსა ჟვანია ქვეყანაში არ იმყოფება და მასზე ძებნა ცხადდება.

პროკურატურის ვერსიით, ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მამაზე ცდილობდნენ შურისძიებას.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული შემთხვევაა საქართველოში, რომელმაც საზოგადოება შეძრა მსხვერპლის პიროვნებისა და დანაშაულის სისასტიკის გამო.

ნიკო კვარაცხელია იყო 22 წლის ტექნოლოგიური მეწარმე, პირველი ქართული სოციალური პლატფორმის, Feedc-ის დამფუძნებელი. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ტექნოლოგიების სფეროში.

მკვლელობა მოხდა 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე. ნიკოს საკუთარ ავტომობილთან ახლოს დაახლოებით 10-ჯერ ესროლეს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანდა, როგორ ელოდებოდა მკვლელი მსხვერპლს და როგორ დაცხრილა ის დღისით, ხალხმრავალ ადგილას. ნიკო კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მკვლელობის შემდეგ სამართალდამცავებმა დაადგინეს ორი ეჭვმიტანილის ვინაობა: აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ისინი შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები მანქანით მიიმალნენ.

რამდენიმეკვირიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ ისინი წყნეთში დააკავა. მათ იქირავეს ბინა, მანქანა და აკვირდებოდნენ ნიკოს გადაადგილებას.

2022 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე პირი დამნაშავედ ცნო: აკო ჭელიძეს (უშუალო მკვლელს) და გიორგი კავილაძეს (თანამონაწილეს) მიესაჯათ 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთებად ძმები კაკულიები და ბუსა ჟვანია დაასახელეს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთებად ძმები კაკულიები და ბუსა ჟვანია დაასახელეს