ბელარუსის ციხიდან გათავისუფლდა 69 წლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სინდისის პატიმარი მიკოლა სტატკევიჩი. ინფორმაცია მისი გათავისუფლების შესახებ ცოლმა, მარინა ადამოვიჩმა გაავრცელა. მისივე თქმით, მიკოლა ციხიდან მას შემდეგ გამოუშვეს, რაც მან ინსულტი გადაიტანა
„ძვირფასო მეგობრებო! მიკოლა სახლშია! მან ინსულტი გადაიტანა. ამჟამად გამოჯანმრთელების პროცესშია. მეტყველებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ აქვს გარკვეული პრობლემები. სხვა მხრივ ყველაფერი კარგადაა. ყველაფერი კარგად იქნება.
მიკოლა სტატკევიჩი იმ 52 პატიმარს შორის იყო, რომლებიც 2025 წლის 11 სექტემბერს, დონალდ ტრამპთან შეთანხმების ფარგლებში, ლუკაშენკომ გაათავისუფლა და ქვეყნიდან გააძევა. თუმცა იგი პოლიტპატიმრების ჯგუფის ერთადერთი წევრი აღმოჩნდა, რომელმაც ლიეტუვის საზღვარი არ გადაკვეთა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დარჩა და ბელარუსის დატოვებაზე უარი განაცხადა. რამდენიმე საათში ნიღბიანმა პირებმა წაიყვანეს და უკან, ციხეში შეაბრუნეს.
მიკოლა სტატკევიჩი ბელარუსის პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ადამიანს, რომელიც არასოდეს წასულა კომპრომისზე ლუკაშენკოს რეჟიმთან, რის გამოც ცხოვრების დიდი ნაწილი ციხეში გაატარა.
სტატკევიჩი პროფესიით სამხედროა, საბჭოთა არმიის ვიცე-პოლკოვნიკი. სწორედ მის სახელს უკავშირდება 90-იანი წლების დასაწყისში ბელარუს სამხედროთა გაერთიანების შექმნა, რომლის მიზანიც ბელარუსის სუვერენიტეტის დაცვა და ეროვნული არმიის ჩამოყალიბება იყო.
მისი პოლიტიკური იდეოლოგია სოციალ-დემოკრატიაა (პარტია „ნაროდნაია ჰრამადა“).
ეს იყო სტატკევიჩის კარიერის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი. ის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა და არჩევნების გაყალბების შემდეგ, 19 დეკემბერს, მინსკის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა.
- აქციის დარბევის შემდეგ ის დააპატიმრეს.
- მიუსაჯეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა „მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის“.
- 2015 წელს, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ლუკაშენკომ შეიწყალა (თუმცა თავად სტატკევიჩს შეწყალება არ უთხოვია).
2020 წლის ისტორიული არჩევნების წინ სტატკევიჩი კვლავ აქტიურობდა, თუმცა რეჟიმმა არჩევნებამდეც კი არ მიუშვა. 2020 წლის 31 მაისს, წინასაარჩევნო პიკეტზე მიმავალი დააკავეს.
2021 წლის დეკემბერში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად დასდეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების ორგანიზება და სოციალური შუღლის გაღვივება.
ის იმყოფებოდა გლუბოკოეს განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში. 2023 წლის თებერვლიდან მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა. მას არ აძლევდნენ ციხიდან წერილების გაგზავნის უფლებას, არ რთავდნენ ადვოკატთან შეხვედრის ნებას და ოჯახმა არ იცოდა, ცოცხალი იყო თუ არა. ამ მდგომარეობას საერთაშორისო უფლებადამცველები „იძულებით გაუჩინარებად“ აფასებენ.








