ახალი ამბები

“უსაფუძვლო ჭორების” გამოძახილი პარლამენტში

22 ნოემბერი, 2010 • • 1005
“უსაფუძვლო ჭორების” გამოძახილი პარლამენტში

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ინტერნეტ ფორუმებზე გავრცელებული დაუდასტურებული ინფორმაციის შესახებ სპეციალური განცხადება გაკეთდა.

ამბავი, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და ფორუმზე განხილვის საგანი გახდა, ვაკის პარკში რამდენიმე ძიძის დაკავების სავარაუდო ფაქტს უკავშირდებოდა.

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ მელიქიშვილმა, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ამ საკითხს სპეციალური განცხადება მიუძღვნა.

“ბოლო დღეებში ადგილი აქვს საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანას, რაც “რეპეტიტორებისა” და ძიძების საქმიანობის თითქოს და დაბეგვრის ინიცირებას ეხება”,–წერს პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი.

მისი თქმით, ეს არის სრული სიცრუე.

პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ არანაირი საფუძველი ამ ჭორებს არა აქვს: ჩვენი დამოკიდებულება ნათელია, ამ ადამიანებმა უნდა ისარგებლონ იმ შეღავათებით, რასაც ახალი საგადასახდო კოდექსი აძლევს.

მიკრობიზნესის – 30 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანები მთლიანად გათავისუფლებული არიან გადასახადისაგან, განაცხადა მან.

თავის მხრივ, ეკონომიკის ექსპერტი, ნოდარ ხადური, რომელსაც ნეტგაზეთი დაუკავშირდა, აცხადებს, რომ ძიძებისგან და რეპეტიტორებისგან ამოღებული თანხა, მისი აზრით, უფრო ნაკლები ოდენობის იქნება, ვიდრე ამ საკითხის ადმინისტრირების ხარჯები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი