ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ელისო კილაძის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს „ხელოვნურად შექმნილი“ უწოდა და განაცხადა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის რეალური მიზანი ბრალდებულის იზოლაცია და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესებიდან ჩამოშორება იყო.
გელბახიანის განმარტებით, მისი კლიენტი მიიჩნევს, რომ მისი იზოლაცია გარკვეული ჯგუფების ინტერესებში შედიოდა, რადგან მათ საქმიანობას ხელს უშლიდა. ადვოკატი აანონსებს, რომ ბრალდებული სასამართლო პროცესზე ვრცელი განცხადების გაკეთებას გეგმავს, რათა საზოგადოება სიმართლეში დაარწმუნოს.
„სინამდვილეში, იქიდან, რაც მაგ ბრალში წერია, არცერთი სიტყვა არ დადასტურდება“, — აცხადებს გელბახიანი.
დაცვის მხარე საქმეში არსებული მტკიცებულებების გადამოწმებას დამოუკიდებელი და კომპლექსური ექსპერტიზის გზით ითხოვს, რომელშიც სხვადასხვა პროფილის ექსპერტები ჩაერთვებიან. ადვოკატმა ხაზი გაუსვა ხელისუფლებისადმი უნდობლობას და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება დაბალი ნდობის პირობებში ხორციელდება, რაც სამთავრობო წყაროების მიერ ჩატარებულ ექსპერტიზებს არასანდოს ხდის.
ელისო კილაძე თაღლითური ქოლცენტრების საქმეზეა დაკავებული. მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ელისო კილაძესთან ერთად იმავე საქმეზე ბრალს უყენებენ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, მერაბ ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს და სხვებს.







