„ქართულმა ოცნებამ“ გრანტების შესახებ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით, გრანტად მიიჩნევა უცხოელი დონორის მიერ ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის გადმორიცხული თანხები ან მატერიალური საგნები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებულ ან განსახორციელებელ საქმიანობას.
როგორც ცვლილებათა პაკეტის მომხსენებელმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, კანონპროექტს მიეთითება დათქმა, რომ ეს არ ვრცელდება ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ „საყოფაცხოვრებო თანხებზე“.
ამასთან, გორდულაძის თქმით, კანონი გავრცელდება სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.
„ამ ჩანაწერის მიხედვით, თუ ვინმე გადარეგისტრირდება რომელიმე სხვა ქვეყნის ფარდულში და ექნება მოსაზრება, რომ ამით გრანტების შესახებ კანონი მასზე არ გავრცელდება და მისი ძირითადი საქმიანობა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იქნება ორიენტირებული, ვალდებული იქნება, რომ მანაც მიმართოს საქართველოს მთავრობას შესაბამისი თანხმობის მისაღებად, სანამ გრანტს აიღებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცვლილებების მიხედვით, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით გრანტის მიღება.
„აქ იგულისხმება, რომ შესაძლებელია, ერთი მხრივ, თანხმობა იყოს გაცემული ერთ კონკრეტულ საქმიანობაზე გრანტის მისაღებად, ხოლო რეალურად ეს ყველაფერი გამოყენებული იყოს სხვა საქმიანობისთვის“, – განაცხადა გორდულაძემ.
გარდა ამისა, კანონი ვრცელდება სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირზე, რომელსაც აქვს საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი, წარმომადგენლობა ან განყოფილება.
„მაგალითად, საქართველოში არსებობენ ფონდები, სხვადასხვა ორგანიზაცია და მათი უცხოური დედაკომპანიის წარმომადგენლობები, ფილიალები. თანხის მიღების შემთხვევაში მათაც ექნებათ ვალდებულება, რომ საქართველოს მთავრობას მიმართონ შესაბამისი თანხმობის მისაღებად.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომად განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით დაჯარიმებით. ხოლო საქართველოში მოქმედი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც იღებენ გრანტებს, მათზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გავრცელდება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, კანონი არ ვრცელდება სხვა ქვეყნის საელჩოს თანამშრომლებზე.
როგორც არჩილ გორდულაძემ განაცხადა, ცვლილება შეეხებათ იმ გრანტებსაც, რომელთაც კანონის მიღებამდე იყო გაცემული. კანონპროექტის თანახმად, იმ პირებს, რომლებსაც კანონის ამოქმედებამდე აქვთ მიღებული გრანტები, კანონის ამოქმედების შემდეგ ერთთვიანი ვადა ექნებათ, მიმართონ საქართველოს მთავრობას.
„ის პირები, რომლებსაც აქვთ კანონის ამოქმედებამდე მიღებული გრანტები, რომლებსაც აქამდეც უნდა შეეთანხმებინათ საქართველოს მთავრობისთვის, და ის პირები, რომლებზეც არ ვრცელდებოდა გრანტების შესახებ კანონი, მათ კანონის ამოქმედების შემდეგ ექნებათ 1-თვიანი ვადა, რომ მიმართონ საქართველოს მთავრობას და შემდეგ უკვე საქართველოს მთავრობას 1-თვიანი ვადა აქვს, რომ გასცეს თანხმობა ან უარი.
1-თვიან პერიოდში მათ შეეძლებათ, რომ თანხები დახარჯონ, მაგალითად, კომუნალური მომსახურებები და სხვა ვალდებულებები შეასრულონ. ხოლო, მეორე მხრივ, თუ მთავრობა ეტყვის უარს, ამ შემთხვევაში მათ აქვთ ვალდებულება, რომ შეწყვიტონ მიღებული გრანტის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
რაც შეეხება მეწარმე იურიდიული პირს, მათ პოლიტიკურ აქტივობა ეკრძალებათ. როგორც მეორე მოსმენით განხილვისას გახდა ცნობილი, პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს, განმეორების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
არჩილ გორდულაძის თქმით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც იურიდიულ სუბიექტს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირსაც.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსაზღვრულია მეწარმე იურიდიული პირის, ანუ აქ არ იგულისხმებიან ფიზიკური პირები და ინდმეწარმეები, პოლიტიკური აქტივობა აკრძალულ საქმიანობად განისაზღვრება. მარტივი მიზეზიდან გამომდინარეა, პოლიტიკა აკეთოს პოლიტიკურმა პარტიებმა, ხოლო სამეწარმეო სუბიექტები და მეწარმე იურიდიული პირები დაკავდნენ სამეწარმეო საქმიანობით, ბიზნესით. მაშინ, როდესაც მეწარმე იურიდიული პირის სახელით ხდება პოლიტიკური აქტივობა, ზუსტად ეს იქნება კანონის დარღვევა. აქ არ იგულისხმება უშუალოდ დირექტორის, დამფუძნებლის ან რომელიმე თანამშრომლის მიერ საკუთარი სახელით ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველ ჯერზე არის 20 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო შემდგომი ჩადება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუ იურიდიული პირი არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პოლიტიკური აქტივობისათვის, მეორედ ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ამ იურიდიულ პირს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამის ფიზიკურ პირს. არ არსებობს იურიდიული პირის პასუხისმგებლობა ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის გარეშე.
პასუხისმგებლობა განისაზღვრება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 200 საათამდე ან თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთით. ხოლო არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში – პასუხისმგებლობა იქნება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-საათამდე. ამ მუხლით განსაზღვრული ქმედებისთვის იურიდიული პირი შეიძლება დაისაჯოს ჯარიმით ან/და ლიკვიდაციით“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.








