ახალი ამბები

მოზარდის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

15 თებერვალი, 2026 •
მოზარდის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

პოლიციელ ლუკა ხურცილავას, რომელსაც 16 წლის მოზარდის მიმართ უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა 15 თებერვალს მიიღო. ბრალდებული პოლიციელი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

13 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ თავად გაავრცელა ინფორმაცია 10 თებერვალს, ნაძალადევის მეტროს მიმდებარედ მომხდარი ფაქტის შესახებ, როცა პოლიციელებმა მოზარდი შავი საღებავის 3 ცალი პულვერიზატორიანი ქილით საეჭვოდ მიიჩნიეს.

„პოლიციელებს არასრულწლოვანმა სრულად მოახსენა მისი ვინაობის თაობაზე. ადგილზე მყოფმა სამმართველოს უფროსის მოადგილე ლ.ხ.-მ, იცოდა რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული პირი იყო არასრულწლოვანი და შესაბამისად, მის მიმართ ნებისმიერ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას ჭირდებოდა კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნულის მიუხედავად, ლ.ხ.-მ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით.

ლ.ხ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ლ.ხ.-მ არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა“, — წერია პროკურატურის მიერ 13 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში და იქვე დაზუსტებულია, რომ მოზარდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პოლიციელებს სთხოვდა მისი კანონიერი წარმომადგენლის მოწვევას და თანახმა იყო ამ შემთხვევაში, მისი თანდასწრებით, პოლიციისთვის თავისი ტელეფონი გადაეცა.

შაბათს  ტვ პირველმა ტელეეთერით გაასაჯაროვა ვიდეო, რომლის გადაღება მოზარდმა მოახერხა და მთლიანად ასახავს 10 თებერვალს მომხდარს. ეს არის თითქმის ერთსაათიანი ჩანაწერი, სადაც გარკვევით ისმის, რა სახის მუქარას და ზეწოლას ახორციელებდნენ პოლიციელები მოზარდზე, რომელიც მათ სთხოვდა, რომ დედასთან დარეკვის უფლება მიეცათ. ისმის, როგორც ემუქრებიან თითების დამტვრევით, ციხეში მყოფი მამის გაუპატიურებით, ჩანს არაერთი თანამშრომელი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოდან, პირები, რომელთაც ლუკა ხურცილავასთან ერთად გააჩერეს მოზარდი.

ვიდეოში ჩანს ლუკა ხურცილავა უკვე პოლიციის განყოფილებაში, რომელიც ზემდგომს [„ზაურიჩს“] ურეკავს და მოზარდზე უყვება. ტელეფონი ხელში უჭირავს და არ იცის, რომ კამერა იღებს.

დაკავებული პოლიციელი ლუკა ხურცილავა: ტელეფონს არ გვიხსნიდა, მანქანაშიც არ გამიხსნა. არავის არ გვიცემია. მე ვუყვირე. შემოვიყვანე სამმართველოში ეს პატივცემული. შევუვსე…

ზემდგომი „ზაურიჩი“: ბავშვია?

ხურცილავა: 16 წლის არის, ჰო.

ზემდგომი: რად გინდათ მერე, რომ შემოგყავთ, ბიჭო, არ შეიძლება მაგ 16 წლის შემოყვანა შენობაში. […] რა უნდა შეუვსო, მშობელი როცა არ ჰყავს მანდ. […] გაუშვით, გააგდეთ, მოაშორეთ.

ამის შემდეგ ურეკავენ მოზარდის დედას, რომელიც პოლიციელს ეუბნება, რომ იურისტია და რომ ბავშვი, რომელიც იდენტიფიცირების მიზნით გააჩერეს, არ დაუმალავს თავისი ვინაობა, იყო გადამოწმებადი, განყოფილებაში არ უნდა წაეყვანათ და დედასთან მანამდეც უნდა დაერეკათ.

სხვა პოლიციელების თანამონაწილეობასთან დაკავშირებით, პროკურორი ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება, დანიშნულია ექსპერტიზაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი