პროკურატურა ვაგონსარემონტო ქარხანაში შევიდა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე.
“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული წერილი და შემოწმების მასალები შესაძლო დანაშაულის თაობაზე.
გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები – ჩხრეკები.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება
დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით”, – აცხადებენ უწყებაში.
