ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) გაერთიანების იდეა ერთსულოვნად გააპროტესტეს.

აკადემიური პერსონალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის 31 იანვარს ჩატარებულ ფარულ გამოკითხვაში მონაწილეობა 62-მა პროფესორმა მიიღო, რომელთაგან არცერთი არ დაეთანხმა უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხს.

გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, პროფესორებმა ღია წერილი გაავრცელეს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მიმართეს.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ღია წერილს შესაძლებელია შეუერთდეს საუნივერსიტეტო საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც იზიარებს ტექსტის სულისკვეთებას.

„მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, ის არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი – საქართველოს ისტორია, წარსული, აწმყოცა და მომავალიც; ადგილი, რომელსაც ასეულობით ათასი ადამიანის როგორც პროფესიული, ისე პიროვნული მომავალი განუსაზღვრია; ადგილი, სადაც ყალიბდებოდა თანამედროვე ქართველი ერი. ამ წერილით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ თსუ არ არის უბრალოდ ინსტიტუცია, რომლის მომავალი მხოლოდ პროცედურულ, ან სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს“, — ნათქვამია პროფესორების განცხადებაში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესურა ხელისუფლებასა და შესაბამის უწყებებს კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავს:

  • შეჩერდეს ნებისმიერი ნაჩქარევი ცვლილება — საუბარია უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სასწავლებლის აწმყოსა და მომავალს განსაზღვრავს;
  • დაიწყოს კონსულტაციები — პროფესორები ითხოვენ ფართომასშტაბიან, საჯარო და არგუმენტირებულ დიალოგს აკადემიურ საზოგადოებასთან.