ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „დისციპლინისა და კანონის მძიმე დარღვევების“ გამო გამოძიება დაიწყო ქვეყნის უმაღლესი რანგის გენერლის, ჯან იუსიას დაწინააღმდეგ.
ჯან იუსია ვიცე-თავმჯდომარეა ცენტრალური სამხედრო კომისიის — კომუნისტური პარტიის იმ ჯგუფის, რომელსაც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ხელმძღვანელობს და რომელიც შეიარაღებულ ძალებს აკონტროლებს.
გამოძიება მიმდინარეობს კომისიის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, არმიის გენშტაბის უფროს ლიუ ჯენლის წინააღმდეგ.
თანამდებობებიდან მათ გათავისუფლებას და გამოძიებას წინ უძღოდა გასული წლის ოქტომბერში ცხრა უმაღლესი რანგის გენერლის გაძევება — რაც არმიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჯარო საკადრო წმენდაა.
არმიის რუპორ სამხედრო გაზეთ PLA Daily-ის სარედაქციო სტატიის თანახმად, ჯან იუსიამ და ლიუ ჯენლიმ „მძიმედ ხელყვეს და დააზიანეს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის სისტემა“. ჩინეთის კონსტიტუციით, სახელმწიფოსა და კომუნისტური პარტიის ლიდერი თავმჯდომარეობს CMC-ს და გააჩნია უზენაესი გადაწყვეტილების მიღების უფლება სამხედრო საკითხებში.
„ჩინეთის სამხედრო უწყებამ ქვეყნის უმაღლესი რანგის გენერალი დაადანაშაულა სი ძინპინის მმართველობითი ავტორიტეტის შელახვაში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჯან იუსიას წინააღმდეგ გამოცხადებული გამოძიების უკან არა მხოლოდ კორუფციული ბრალდებები, არამედ ჩინეთის ლიდერის ძალაუფლების უზრუნველყოფის საკითხი დგას“, — წერს „ფაინენშალ თაიმსი“.
Intelligence Online-ის წყაროების ცნობით, საქმე მხოლოდ ორ გენერალს არ ეხება — გათავისუფლებული, დაკავებული ან „გაუჩინარებულია“ 17-მდე მაღალი რანგის სამხედრო, რაც მიანიშნებს, რომ სი ძინპინი არმიაზე თავის კონტროლს კიდევ უფრო ამყარებს.
