სანდრო მეგრელიშვილს, რომელიც პირველი მოქალაქეა, რომელსაც სასამართლომ ტროტუარზე დგომისთვის და პროტესტის გამოხატვისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 4 დღით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები სოლიდარობას უცხადებენ.
სანდრო მეგრელიშვილი თავადაც ილიაუნის დოქტორანტი და მკვლევარია.
„ის პერსპექტიული ახალგაზრდა მეცნიერია, რომელიც აქტიურადაა ჩართული არაერთ საერთაშორისო კვლევით პროგრამაში.
2026 წლის პირველი თებერვლიდან სანდრო მეგრელიშვილი, როგორც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ყველაზე დიდი პროგრამის, HORIZON-ის კვლევითი პროექტის (METEOR) ახალგაზრდა მკვლევარი ილიას უნივერსიტეტიდან, მიემგზავრება ევროპის მკვლევართა აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად. ილიას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ამ პროექტში წარმოდგენილია მსოფლიოს 12 ქვეყნის (ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, დანია, ფინეთი, ავსტრია, იტალია, კვიპროსი, ესპანეთი, საქართველო, თურქეთი, ბრაზილია) მეცნიერებთან ერთად.
სანდრო მეგრელიშვილს აქვს მკაფიო სამოქალაქო პოზიცია, რომელსაც ყოველთვის კანონიერი ფორმით, არაკონფრონტაციულად გამოხატავს. მისი დაკავება მხოლოდ იმის გამო, რომ საპროტესტო აქციის დროს ტროტუარზე იდგა, უდიდესი უსამართლობაა.
სოლიდარობას ვუცხადებთ სანდროს და მოუთმენლად ველით მის აკადემიურ და სამოქალაქო სივრცეში დაბრუნებას“, — წერია ილიაუნის მეცნიერ-თანამშრომელთა განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის [18:23) 58 ადამიანი აწერს ხელს, მათ შორის, სანდრო მეგრელიშვილის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი გია ნოდია.
განცხადება და ხელმომწერთა განახლებადი სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
სანდრო მეგრელიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოიტანა. ამავე მოსამართლემ, სანდროს შემდეგ სულ რამდენიმე წუთში, ასეთივე გადაწყვეტილება გამოიტანა ყოფილი საჯარო მოხელის, დიმიტრი ჯამბურიას მიმართაც. ოდნავ უფრო მოგვიანებით კი ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობაშეფარდებულ პირველ მოქალაქეებს შეუერთდნენ ლუკა ნაგლიაშვილი (მოსამართლე დავით მაკარაძე), მიხეილ ზაქარეიშვილი (მოსამართლე ზვიად ცეკვავა), ნუკრი კაკულია (მოსამართლე მანუჩარ ცაცუა).








