გთავაზობთ გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის სიტყვას დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.


ავტორი: ფრიდრიხ მერცი

სიმშვიდე აქ, დავოსის „ჯადოსნურ მთაზე“, მკვეთრ კონტრასტშია იმ სამყაროსთან, რომლის ძველი წესრიგიც თავბრუდამხვევი სისწრაფით ირღვევა.

ნება მომეცით, გაგიზიაროთ, თუ როგორ უყურებს გერმანიის ახალი მთავრობა ამ ტექტონიკურ ძვრებს და როგორ ვპასუხობთ მათ. ამ ცვლილებებს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს თავისუფლებაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.

ამ კვირებსა და თვეებში ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი ერა უკვე დაიწყო.

ჩინეთმა, სტრატეგიული შორსმჭვრეტელობით, გზა გაიკვალა დიდი სახელმწიფოების რიგებში. შეერთებული შტატების გლობალური ლიდერობა გამოწვევის წინაშეა. ვაშინგტონი კი ამაზე რეაგირებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის რადიკალური გარდაქმნით.

ჩვენ შევედით დიდი სახელმწიფოების პოლიტიკის ეპოქაში. ბოლო სამი ათწლეულის საერთაშორისო წესრიგი, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეფუძნებოდა, ყოველთვის არასრულყოფილი იყო. დღეს კი მისი ფუნდამენტი შერყეულია.

დიდი სახელმწიფოების ეს ახალი სამყარო შენდება ძალაუფლებაზე, სიძლიერესა და საჭიროების შემთხვევაში — ძალის გამოყენებაზე. ეს არ არის მყუდრო ადგილი.

ჩვენ არ ვართ ვალდებულნი მივიღოთ ეს ახალი რეალობა, როგორც ბედისწერა. ჩვენ არ ვართ ამ ახალი მსოფლიო წესრიგის წყალობის იმედად. ჩვენ არჩევანი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია მომავლის ფორმირება.

წარმატების მისაღწევად თვალი უნდა გავუსწოროთ მკაცრ რეალობას და ჩვენი გეზი ფხიზელი რეალიზმით განვსაზღვროთ.

ევროპელო მეგობრებო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი ძალაუფლება დღეს სამ საყრდენს ეფუძნება: ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი კონკურენტუნარიანობა და ჩვენი ერთიანობა.

  1. ჩვენ მასიური ინვესტიცია უნდა ჩავდოთ საკუთარი თავის დაცვის უნარში. და ჩვენ ამას ვაკეთებთ.
  2. სწრაფად უნდა გავხადოთ ჩვენი ეკონომიკა კონკურენტუნარიანი. და ჩვენ ამას ვაკეთებთ.
  3. უფრო მჭიდროდ უნდა დავდგეთ ერთად — როგორც ევროპელები და როგორც თანამოაზრე პარტნიორები. ჩვენ ამას ვაკეთებთ.

წინსვლისას ერთი რამ არ უნდა დავივიწყოთ: სამყარო, სადაც მხოლოდ ძალა ფასობს, საშიში ადგილია. ჯერ პატარა სახელმწიფოებისთვის, შემდეგ საშუალო ძალებისთვის, საბოლოოდ  კი— დიდებისთვისაც.

ამას სერიოზული მიზეზი მალაპარაკებს. მე-20 საუკუნეში ჩემმა ქვეყანამ, გერმანიამ, სწორედ ეს გზა გაიარა მის მწარე დასასრულამდე. მან სამყარო შავ უფსკრულში ჩაითრია.

ამიტომ გვახსოვდეს: ჩვენი უდიდესი ძალა რჩება პარტნიორობისა და ალიანსების შექმნის უნარში — თანასწორთა შორის, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ ნდობასა და პატივისცემაზე.

შეგახსენებთ, 1945 წლის შემდეგ სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შთაგვაგონა ჩვენ, გერმანელებს, მიგვეღო ეს ლოგიკა. ამ საძირკველზე ნატო ისტორიაში უძლიერეს ალიანსად იქცა.

ამიტომაც ვრჩებით ამ იდეის ერთგულნი.

ბოლო დღეებში აშშ-ის ადმინისტრაციამ კატეგორიულად მოითხოვა გავლენის გაზრდა გრენლანდიაში. ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ ეს აუცილებელია უკიდურეს ჩრდილოეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეების გასანეიტრალებლად.

ჩვენ მივესალმებით, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად ეკიდება რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს არქტიკაში. ეს საფრთხე თავად არის დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის გამოხატულება. ის მიმართულია როგორც ევროპის, ისე აშშ-ის წინააღმდეგ.

ჩვენ ამას ყოველდღიურად ვგრძნობთ ჰიბრიდული თავდასხმებით ბალტიის ზღვაზე და რუსეთის „ზამთრის ომში“ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

ჩვენ ვიზიარებთ რწმენას, რომ როგორც ნატოს ევროპელმა მოკავშირეებმა, მეტი უნდა გავაკეთოთ უკიდურესი ჩრდილოეთის დასაცავად ნატოს ფარგლებში. ეს საერთო ტრანსატლანტიკური ინტერესია. გერმანია სწორედ ამას აკეთებს.

ჩვენ დავიცავთ დანიას, გრენლანდიას და ჩრდილოეთს რუსეთის საფრთხისგან. ჩვენ დავიცავთ პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება ტრანსატლანტიკური პარტნიორობა: სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელ განცხადებებს. ეს სწორი გზაა, რადგან ევროპული ტერიტორიის ძალის გამოყენებით მითვისების ნებისმიერი მუქარა მიუღებელი იქნებოდა.

და, ქალბატონებო და ბატონებო, ახალი ტარიფები ასევე ძირს გამოუთხრის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საფუძვლებს. თუ ისინი ამოქმედდება, ევროპის პასუხი იქნება ერთიანი, მშვიდი, ზომიერი და მტკიცე.

ჩვენ გვამოძრავებს მკაფიო კომპასი: პირველი, დიდი სახელმწიფოების ახალ ეპოქაში ევროპა უნდა იდგეს ერთად — მტკიცედ და სუვერენულად. მეორე, ჩვენ ხელი არ უნდა ვკრათ ნატოს… ახლა უნდა აღვადგინოთ ნდობა, რომელზეც ალიანსია აგებული.

დემოკრატიებს არ ჰყავთ ხელქვეითები. მათ ჰყავთ მოკავშირეები, პარტნიორები და სანდო მეგობრები.

ეს არის წინადადება, რომელიც საფუძვლად დაედება ჩვენს მუშაობას და ვიშრომებთ, რომ ეს არავის დაავიწყდეს.

ჩემმა მთავრობამ დაისახა ორი მიზანი:

  1. გერმანიამ უნდა დაიბრუნოს ეკონომიკური სიძლიერე.

  2. ჩვენ გვსურს ვაქციოთ ევროპა კვლავ საკვანძო მოთამაშედ გლობალურ პოლიტიკაში, ეკონომიკასა და განსაკუთრებით — თავდაცვაში.

ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის დაცვა და ეს სწრაფად უნდა გავაკეთოთ.

გარწმუნებთ, გერმანია იღებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ, ჩემი მმართველობის დასაწყისშივე მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ გერმანიის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-მდე. ეს არის უზარმაზარი ზრდა.

ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება ნიშნავს ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებას. ჩვენი თავდაცვის სისტემატური გაძლიერებით ვამცირებთ ჩვენს ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ დამოკიდებულებებს.

ამ დღის წესრიგში არ არის ადგილი იზოლაციონიზმისა და პროტექციონიზმისთვის… ევროპის სავაჭრო ამბიციები კრისტალივით გამჭვირვალეა. ჩვენ გვინდა ვიყოთ ალიანსი, რომელიც სთავაზობს ღია ბაზრებსა და სავაჭრო შესაძლებლობებს.

ტარიფები უნდა ჩაანაცვლოს წესებმა და ეს წესები სავაჭრო პარტნიორებმა უნდა დაიცვან.

ევროპა ძალებს აერთიანებს ახალ პარტნიორებთან… იმისათვის, რომ საუკეთესოდ გამოვიყენოთ ეს პარტნიორობა, უნდა მოვაწესრიგოთ საკუთარი სახლი. ჩვენ ვიცით პრობლემების შესახებ. გერმანიამაც და ევროპამაც ბოლო წლებში გაფლანგეს წარმოუდგენელი პოტენციალი რეფორმების გაჭიანურებითა და ზედმეტი ბიუროკრატიით. ჩვენ ამას შევცვლით.

ჩვენ არსებითად უნდა შევამციროთ ბიუროკრატია ევროპაში… უნდა შევწყვიტოთ ზედმეტი რეგულაციების მსოფლიო ჩემპიონობა.

ჩვენ გვსურს, გერმანია კვლავ გახდეს გლობალური კაპიტალის წამყვანი საინვესტიციო ადგილი.

ქალბატონებო და ბატონებო, ნუ მისცემთ დღევანდელ სათაურებს თქვენი დაბნევის უფლებას. შეხედეთ დიდ სურათს. ჩვენ გარშემო სამყარო უპრეცედენტო სისწრაფით იცვლება. დიდი სახელმწიფოების სამყარო — ახალი რეალობაა.

ევროპამ მიიღო ეს გზავნილი. გერმანიამაც მიიღო ეს გზავნილი.

ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი ბედის განსაზღვრა. ეს ისტორიული ამოცანა ჩვენ წინაშეა. გერმანიას სურს შეასრულოს მთავარი როლი ამ [ამოცანის] დაძლევაში.