ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტსა და რედაქტორს, ვალერია კიჩიგინას, სისხლის სამართლის წესით გაასამართლებენ იმის გამო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომისა და უკრაინაში რუსეთის ომის გამო კრემლის მიმართ კრიტიკული პოზიცია აქვს.

კიჩიგინას ორ ეპიზოდს ედავებიან. პიველი ეპიზოდი ეხება 2022 წლის 6 აპრილს ჟურნალისტ დიმიტრი კოლეზევის სტატიის გაზიარებას ტელეგრამში, რომელიც ბუჩის ხოცვა-ჟლეტას შეეხებოდა. მეორე ეპიზოდი კი- 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, 2023 წლის 8 აგვისტოს ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ „სთორის“.

საქმის მასალების მიხედვით, იუწყება „დოჟდი“, საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ 2023 წლის აგვისტოში დაიწყო. 2023 წლის 8 აგვისტოს კიჩიგინამ ინსტაგრამის „სთორიში“ განათავსა ფოტოკოლაჟი 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც ასახავდა რუს სამხედრო პირებს და საომარ ტექნიკას. ასევე განათავსა წარწერა: „დღეს საქართველოში ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავია. 7-8 აგვისტოს ღამეს რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ საქართველოში და დაბომბეს მშვიდობიანი ქალაქები. უკვე 15 წელია, საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“.

მაგ დროისთვის ჟურნალისტი ჯერ კიდევ რუსეთში იმყოფებოდა და ქვეყანა ორი კვირის შემდეგ დატოვა. საზღვარზე ის არ გამოუკითხავთ.

დღეს არცერთი ეს პოსტი, როგორც ინსტაგრამზე, ისე ტელეგრამში, აღარ იძებნება, — მიუთითებს „მედიაზონა“, რომლის კორესპონდენტი დაესწრო სხდომას სასამართლოში, სადაც პროკურატურამ ბრალის დადგენილება წაიკითხა. როგორც პროკურორმა სასამართლოში განაცხადა, ქსელებში ანგარიშის ავთენტურობა და კიჩიგინას ავტორობა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დახმარებით დადგინდა.

საქმე აღიძრა უკვე 2024 წლის ნოემბერში. 2025 წლის იანვარში კი კიჩიგინას ოჯახს ჩხრეკის ორდერით მიადგნენ. მარტში ჟურნალისტს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს.

საქმის აღძვრის მოტივად მასალებში მითითებულია, რომ კიჩიგანამ „შებღალა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ავტორიტეტი, მოახდინა მათი დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, მოქალაქეებში, რომელთაც ნახეს მის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები და ვიდეოები, გამოიწვია განგაშის, შიშის, მოუსვენრობის, სახელმწიფოს მხრიდან დაუცველობის განცდები.“

კომენტარი გააკეთა თავად ჟურნალისტმაც და აღნიშნა, რომ ეჭვიც არ ეპარება, გამოძიება მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დაიწყეს. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებზე „ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის“ კიჩიგინას შესაძლოა 10-წლამდე პატიმრობა შეუფარდონ.

სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტის წინააღმდეგ, მოსკოვის ერთ-ერთ რაიონულ სასამართლოშია. როგორც „დოჟდი“ ამბობს, ეს პირველი სისხლის სამართლის საქმეა „ყალბი ინფორმაციის გავრცელების“ მუხლით, რომელიც მხოლოდ უკრაინის ომს არ შეეხება.

სამხედრო და ომთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით „ყალბი ინფორმაციის გავრცელების“ წინააღმდეგ მუხლი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსს 2022 წლის მარტში დაემატა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. მას შემდეგ მასობრივად ასამართლებენ ადამიანებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო.

ვალერია კიჩიგინა უკვე შეყვანილია „ტერორისტებისა“ და „ექსტრემისტების“ რეესტრში, 2025 წლის აგვისტოში, თვეებით ადრე სასამართლოში მის წინააღმდეგ საქმის წარმოების დაწყებამდე.