სინდისის პატიმარმა ვეფხია კასრაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი შვილის გატაცებას გეგმავდა.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველთან“ სატელეფონო საუბარში თქვა.
„შარშან ჩემი შვილის გატაცებას რომ აპირებდა სუს-ის თანამშრომელი და 11 წლის გოგოს რომ ურეკავდნენ მთელი სამი თვის განმავლობაში, რომ არ ვამხილე ის სუს-ის თანამშრომელი, ეგ ვაღიარო, არა?! ესენი არიან გარეწრები, უბრალოდ და ცოტა რცხვენოდეთ, რა! ვფიქრობდი, რომ ლილუაშვილის სუსი აკეთებდა ამას, მაგრამ ახლაც რეკავენ. დარეკავენ ღამის ორ საათზე, რაღაცებს საუბრობენ, მერე უთიშავენ, მაგრამ მაშინ დაბლა იტყუებდნენ. ერთხელ მე თვითონ შევესწარი… „რომელი ხარ-მეთქი?“ მე მიმალავდნენ ჯერ, რომ არ გადავრეულიყავი საერთოდ და მერე უკვე მითხრა ბავშვმა. ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია“, — განაცხადა ვეფხია კასრაძემ.
სუს-მა განაცხადა, რომ ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა პროკურატურას, რათა „უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში“.
„ერთი მხრივ, თეორიულადაც რომ დავუშვათ განცხადებაში მოტანილი ფაქტების სისწორე, ის დეტალურად არის გამოსაძიებელი. მეორე მხრივ კი, არ შეიძლება, ვინმეს შეეძლოს საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურს ასე ხელაღებით დააბრალოს სასტიკი დანაშაული. ორივე შემთხვევაში გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი, სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს“, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.








