ახალი ამბებისაზოგადოება

ფოთელი პედაგოგის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ პირველი პირი დააკავა – ადვოკატი

16 იანვარი, 2026 •
ფოთელი პედაგოგის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ პირველი პირი დააკავა – ადვოკატი

ფოთელი პედაგოგის, იგორ კეკელიას ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, პედაგოგისადმი მუქარის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

„ფოთელი პედაგოგის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ პირველი პირი დააკავა. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდგომ, პედაგოგის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი. იგორ კეკელიას კი მუქარის განხორციელების ფაქტზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა“, — წერს ადვოკატი მიგინეიშვილი.

ადვოკატის აღნიშნავს, რომ პედაგოგის სურვილია, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა არ შეეფარდოს და სავარაუდოდ გირაოს საფუძველზე გათავისუფლდება. თუმცა დანაშაული თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.

ფოთის მე-15 საჯარო სკოლის მასწავლებელს, იგორ კეკელიას, 2025 წლის დეკემბერში პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრი სოციალურ ქსელში გავრცელდა. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით დაწყებულია და დღემდე გრძელდება, თუმცა ამ საქმის გამო არავინ დაუსჯიათ.

გამომძიებლები მასწავლებელს ეუბნებიან, რომ სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრი გაქრა და მათაც არ უნახავთ. სამაგიეროდ, სკოლაში უთხრეს მასწავლებელს, „ღირსება თუ გაქვს, სკოლა უნდა დატოვოო“.

სკოლის დირექტორს, ნანა საბულუას მიუღია გადაწყვეტილება მასწავლებლის გათავისუფლებაზე იმ არგუმენტით, რომ იგორ კეკელიამ მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა დანაშაულია, პროკურატურას კი ამ საქმეში იგორ კეკელიას მხრიდან მოსწავლეზე ძალადობა, ან სხვა დანაშაულის ჩადენა არ დაუდგენია.

ნანა საბულუა სკოლის დირექტორია და ასევე ფოთის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. იგორ კეკელია კი, მასწავლებელი, ვინც ფოთში ღიად გამოხატა პროტესტი „ოცნების“ რეჟიმის მიმართ.

2024 წლის ნოემბერში იგორ კეკელია ფოთში ორ კოლეგასთან ერთად ასეთი ტრანსპარანტით გამოჩნდა: „რა ვასწავლო ბავშვებს? საქართველოს მომავალი რუსეთშია?“

მასალების გადაბეჭდვის წესი