ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ხელისუფლება ცხედრების გადასასვენებლად მათგან სოლიდურ თანხებს ითხოვს.

BBC Persian-ის ცნობით, მათ მიერ მოპოვებული მრავალი წყაროს თანახმად, დაღუპულთა ცხედრები მორგებსა და საავადმყოფოებშია დასვენებული, ხოლო უსაფრთხოების ძალები მათ მანამ არ გასცემენ, სანამ ახლობლები მოთხოვნილ თანხას არ გადაიხდიან.

ქვეყნის მასშტაბით ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს აქციები, რომლის დროსაც, სულ მცირე, 2 435 ადამიანი დაიღუპა.

ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ რაშთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა BBC-ს უთხრა, რომ უსაფრთხოების ძალებმა ახლობლის ცხედრის სანაცვლოდ 700 მილიონი თუმანი (დაახლოებით 5 000 აშშ დოლარი) მოსთხოვეს. მათი თქმით, ცხედარი პურსინას საავადმყოფოს მორგში კიდევ, სულ მცირე, 70 დაღუპულ მომიტინგესთან ერთად ასვენია.

“მსგავსი შემთხვევა მოხდა თეირანშიც, სადაც სეზონურად მომუშავე ქურთი მშენებლის ოჯახს ცხედრის სანაცვლოდ ერთი მილიარდი თუმანი (დაახლოებით 7 000 აშშ დოლარი) დაუფასეს. ოჯახმა BBC-ს განუცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ ამხელა თანხის გადახდის შესაძლებლობა და იძულებულნი გახდნენ, შვილის ცხედრის გარეშე დაბრუნებულიყვნენ. ირანში მშენებლის თვიური შემოსავალი, როგორც წესი, 100 დოლარზე ნაკლებია”, – წერს BBC და დასძენს, რომ რიგ შემთხვევებში, საავადმყოფოს პერსონალი თავად უკავშირდება დაღუპულთა ახლობლებს და წინასწარ აფრთხილებს, რომ ცხედრები დროულად გადაასვენონ, სანამ იქ უსაფრთხოების ძალები მივლენ  და ფულის გამოძალვას დაიწყებენ.

“BBC Persian-მა შეიტყო ქალის შესახებ (რომლის ვინაობასაც უსაფრთხოების მიზნით არ ვამჟღავნებთ), რომელმაც ქმრის დაღუპვის ამბავი მხოლოდ 9 იანვარს, საავადმყოფოს თანამშრომლის სატელეფონო ზარით გაიგო. მას უთხრეს, რომ სასწრაფოდ მიაკითხოს მორგს, სანამ ძალოვანი სტრუქტურები მივიდოდნენ და ცხედრის სანაცვლოდ თანხას მოითხოვდნენ.

ქალი ორ შვილთან ერთად საავადმყოფოში მივიდა, ქმრის ცხედარი პიკაპის ძარაზე დაასვენა და შვიდი საათის განმავლობაში მგზავრობდა დასავლეთ ირანში მდებარე მშობლიურ ქალაქამდე მის დასაკრძალად”, – წერს BBC.

„მთელი შვიდი საათი პიკაპის ღია ძარაში მის ცხედართან ერთად ვიჯექი და ვტიროდი, ჩემი შვილები კი წინ ისხდნენ“, — უთხრა მან ლონდონში მცხოვრებ ნათესავს BBC-ის თანახმად.

ამავე სტატიის თანახმად, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეირანის მორგში თანამშრომლები ოჯახებს ალტერნატივას სთავაზობენ: თუ ისინი განაცხადებენ, რომ მათი შვილი პროსამთავრობო გასამხედროებული დაჯგუფება „ბასიჯის“ წევრი იყო და მომიტინგეებმა მოკლეს, ცხედარს უფასოდ გაასვენებინებდნენ. ერთ-ერთმა ოჯახმა BBC-ს შეტყობინებით აცნობა: „ჩვენგან მოითხოვეს სამთავრობო აქციაში მონაწილეობა და მომიტინგეების მიერ შვილის მოკლულად გამოცხადება, რაზეც არ დავთანხმდით“.

BBC-ის ცნობითვე, თეირანშივე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც რამდენიმე ოჯახი მორგში შეიჭრა, რადგან ეშინოდათ, რომ ხელისუფლება ცხედრებს გაურკვეველი მიმართულებით წაიღებდა.

გამოცემის თანახმად, ინტერნეტის შეზღუდვა და კომუნიკაციის ბლოკადა ართულებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების სრული სურათის დანახვას. საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს ირანში პირდაპირი წვდომა არ აქვთ, ხოლო BBC-ს და სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებებს ირანის მთავრობა ქვეყნის შიგნით მუშაობის უფლებას არ აძლევს.

დემონსტრაციები თეირანში 29 დეკემბერს დაიწყო, რაც თავდაპირველად დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის მკვეთრმა გაუფასურებამ გამოიწვია. თუმცა პროტესტი მალე ათობით სხვა ქალაქს მოედო და რეჟიმის საწინააღმდეგო ხასიათი მიიღო, რასაც უსაფრთხოების ძალების მხრიდან სასტიკი რეპრესიები მოჰყვა.

აშშ-ში ბაზირებული „ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს“ (HRANA) მონაცემებით, არეულობის დაწყებიდან დღემდე მოკლულია, სულ მცირე, 2 435 მომიტინგე, მათ შორის 13 ბავშვი. დაღუპულებს შორისაა უსაფრთხოების ძალების 153 წარმომადგენელიც. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 18 470-ზე მეტი მომიტინგე. დაპატიმრებები ქვეყნის მასშტაბით კვლავ გრძელდება; უსაფრთხოების ძალები და „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ სისტემატურად აკავებენ აქტივისტებს, ადვოკატებსა და რიგით მოქალაქეებს.