აშშ-მა და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელების ჩარჩო-დოკუმენტი მიიღეს.

„ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარებას ითვალისწინებს, 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ნაწილია.

TRIPP-ის განხორციელების ჩარჩო-დოკუმენტი გამოქვეყნდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის ვაშინგტონში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ.

აშშ-ისა და სომხეთის მთავრობების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილის და მისი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირებისა და ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის სასიცოცხლო მნიშვნელობის რგოლის შექმნის პარალელურად, მოსალოდნელია, რომ TRIPP სომხეთისთვისაც მოიტანს ორმხრივ სარგებელს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი კავშირების კუთხით.

„TRIPP-ის განხორციელების ჩარჩო-დოკუმენტი ხაზს უსვამს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნაცვალგებების მნიშვნელობას TRIPP-ის საერთო წარმატებისთვის. TRIPP-ის საბოლოო მიზანია სომხეთისა და აზერბაიჯანის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გაძლიერება და ამერიკული კომერციის ხელშეწყობა რეგიონული ვაჭრობისა და კავშირების გაფართოების გზით, ასევე, ცენტრალური აზიისა და კასპიის რეგიონის ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო შესაძლებლობების შექმნა“, — ნათქვამია განცხადებაში.

ჩარჩო-დოკუმენტი ითვალისწინებს TRIPP-ის განვითარების კომპანიის დაფუძნებას, რომელშიც საკონტროლო პაკეტი აშშ-ს ექნება, ხოლო სომხეთი განახორციელებს ზედამხედველობას დაცულ საკითხებზე. კომპანია პასუხისმგებელი იქნება TRIPP-ის განვითარებაზე 49-წლიანი ვადით. სომხეთი აპირებს შესთავაზოს შეერთებულ შტატებს 74%-იანი წილი, ხოლო თავად შეინარჩუნოს 26%-იანი წილი TRIPP-ის განვითარების კომპანიაში. მოსალოდნელია ამ შეთანხმების გაგრძელება დამატებითი 50 წლით, რა დროსაც სომხეთის მთავრობას გადაეცემა დამატებითი კაპიტალი და მისი წილი 49%-მდე გაიზრდება.

კომპანია პასუხისმგებელი იქნება ინფრასტრუქტურის დაპროექტებაზე, მშენებლობასა და კომერციულ ოპერირებაზე.

2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. შეთანხმების შესაბამისად, აშშ იღებს ექსკლუზიურ უფლებას სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.

აზერბაიჯანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ცდილობდა სატრანსპორტო დერეფნის შექმნას სომხეთის ტერიტორიის გავლით, რომელიც დააკავშირებს ქვეყნის ძირითად ნაწილს მის ექსკლავთან — ნახიჩევანთან, რომელიც ბაქოს მოკავშირე თურქეთს ესაზღვრება. ამ მარშრუტის ფუნქციონირება მოხდება სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო აშშ ამ მიწის სუბქირავნებას გადასცემს რომელიმე კონსორციუმს ინფრასტრუქტურის განვითარების და მართვის მიზნით.