ახალი ამბები

ირანში სტარლინკის სატელიტური ინტერნეტი უფასო გახდა – მედია

14 იანვარი, 2026 •
ირანში სტარლინკის სატელიტური ინტერნეტი უფასო გახდა – მედია

ელონს მასკის კომპანია Space X-მა ირანში Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომა უფასო გახადა. ამის შესახებ ინფორმაცია ავრცელებს CNN ტექნოლოგიების ექსპერტებზე დაყრდნობით.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ამჟამად ინტერნეტი უფასოდ მიეწოდებათ სტარლინკის არააქტიურ ანგარიშებს ირანში.

“საჭიროა სტარლინკის ტერმინალის დადგმა ისეთ ადგილას, საიდანაც ცას დაინახავს და ინტერნეტი მოგეწოდება”, – ამბობს აჰმად აჰმადიანი, ექსპერტი.

სხვადასხვა ინფორმაციით, ირანში სტარლინკის სატელიტური ინტერნეტის მიმღები ათეულობით ათასი ტერმინალი უნდა არსებობდეს, თუმცა რეჟიმი მათ აქტიურად ებრძვის, ცდილობს სახურავებზე მათ აღმოჩენას დრონებით და დაზიანებას. სტარლინკის აქტიური ანგარიში ირანში ბევრად უფრო ნაკლებია.

CNN-ის თანახმად, ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არც თეთრ სახლს გაუკეთებია და არც Space X-ს.

მიმდინარე არეულობა, რომელიც მძიმე ეკონომიკური პირობებით არის გამოწვეული, ბოლო სამი წლის განმავლობაში ირანის ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი შიდა გამოწვევაა. ეს პროცესები გასულ წელს ისრაელისა და აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შემდეგ გაძლიერებული საერთაშორისო წნეხის ფონზე მიმდინარეობს.

ირანის სასულიერო ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყანას 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მართავს, დემონსტრაციების მიმართ ორმაგი მიდგომის გამოყენება სცადა: მათ ეკონომიკური პრობლემების გამო გამოწვეულ პროტესტს ლეგიტიმური უწოდეს, პარალელურად კი, უსაფრთხოების ძალების მეშვეობით მკაცრ დარბევებს მიმართეს. ხელისუფლებამ აშშ და ისრაელი არეულობის გაღვივებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პროტესტი „ტერორისტებად“ წოდებულმა დაუდგენელმა პირებმა სათავისოდ გამოიყენეს.

უფლებადამცველმა ჯგუფმა მანამდე ასობით დაღუპული აღრიცხა და განაცხადა, რომ ათასობით ადამიანია დაკავებული.

კომუნიკაციის შეზღუდვებმა, მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტის სრულმა გათიშვამ, ირანიდან ინფორმაციის გავრცელება შეაფერხა. გასული კვირის განმავლობაში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის მომხდარი ღამის შეტაკებების ამსახველი ვიდეოკადრები — რომელთაგან რამდენიმე სააგენტო Reuters-ის მიერ არის გადამოწმებული — აჩვენებს სასტიკ დაპირისპირებებს იარაღიდან სროლის, დამწვარი ავტომობილებისა და შენობების ფონზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი