ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთს” სუსი უდასტურებს.

ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, „ჯაშუშობის“ ბრალდებით 22 დეკემბერს დააკავეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური მას „საქართველოს სპეცსამსახურებთან აფილირებული“ უცხოური მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის გადაცემას ედავება.

თამარ მეარაყიშვილს, რომელსაც ცხინვალი “ჯაშუშობას” ედავებოდა, ადგილობრივმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
КГБ-ს განცხადებით, ჯაშუშობაში ბრალდებულ თამარ მეარაყიშვილს „მედიასაშუალებები იყენებდნენ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების გასატარებლად“.

თუმცა, უწყების წინა განცხადების მიხედვით, “გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ახორციელებდა ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას რესპუბლიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას“.

მეარაყიშვილი წარსულშიც იყო დაკავებული. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა გასვლა ოკუპირებული ტერიტორიიდან.