ახალი ამბები

შეხვედრა პარლამენტში, სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ

19 ნოემბერი, 2010 • • 1104
შეხვედრა პარლამენტში, სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ

“საქართველოს დეოკუპაციამდე არ დავუშვათ ოლიმპიადა სოჭში!”  – ეს იყო პარლამენტში გამართული იმ სამუშაო შეხვედრის მთავარი გამოძახილი, რომელზეც სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს“,–წერს პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი

დღეს საგარეო ურთიერთობათა, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტებმა და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ, რომლის მუშაობაში, კანონმდებლებთან ერთად, საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს, სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ორგანოების, დევნილთა  და ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ერთოვლივი სხდომა გამართეს.

პარლამენტის საიტის ცნობით, საკითხი, რომელიც შეხვედრაზე იყო განხილული, ეხებოდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნებას, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა, რუსეთის ნაცვლად, სხვა ქვეყენაში გაიმართოს.

ითქვა, რომ ეს  პოლიტიკური საკითხია და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება.

ჩერქეზთა დიასპორის წარმომადგენელი ამერიკაში, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, ასევე გაუმართლებლად მიიჩნევს ქალაქ სოჭში ოლიმპიადის გამართვას. იად უგარი ამბობს, რომ მისი ხალხის გენოციდის ადგილზე ოლიმპიადა არ უნდა გაიმართოს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე, ერთი კვირის განმავლობაში, თავს მოუყრიან ყველა შენიშვნასა და წინადადებას,  შეიმუშავებენ სტრატეგიასა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვით, პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი