ახალი ამბები

„იაფი ავტომობილები“ მერიის მაღალჩინოსნებისთვის

19 ნოემბერი, 2010 • • 1701
„იაფი ავტომობილები“  მერიის მაღალჩინოსნებისთვის

თბილისის მერიაში, ჯერჯერობით, არ იციან რა მოდელის  ავტომობილებს შეიძენენ  იმ ძვირადღირებული მანქანების სანაცვლოდ, რომლებიც ინტერნეტ აუქციონზე გასაყიდად უკვე გაიტანეს.

„ახალი წლიდან ვგეგმავთ იაფფასიანი ავტომობილების შესყიდვას, თუმცა რა მოდელის იქნება და რა თანხას გადავიხდით, ჯერჯერობით, არ ვიცით. ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა“-განუცხადეს ნეტგაზეთს თბილისის მერიის პრესსამსახურში. იაფი ავტომობილების შეძენამდე, მერიის მაღალჩინოსნები გადაადგილდებიან პირადი, ან „სხვა“ ავტომობილებით. პრესსმასახურმა ვერ დააკონკრეტა, „სხვა ავტომობილებში“ რა მოდელები იგულისხმება.

დღეს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ  საკუთარ ბალანსზე არსებული შვიდი ავტომობილი ინტერნეტ აუქციონზე-iauction.ge  გასაყიდად  გაიტანა. მათ შორის არის „აუდი A8″, რომლითაც გიგი უგულავა გადაადგილდებოდა. აუქციონზე მისი საწყისი ფასი 48 999 ლარია. ავტომობილების შესყიდვაზე განაცხადი 3 დეკემბრამდე მიიღება, შედეგები  6 დეკემბერს გახდება ცნობილი. აუქციონზე ავტომობილების საწყისი ფასი მათ საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. მაგალითად,  იგივე აუდი A 8, 4.2  სხვა ინტერნეტმაღაზიებში 32-35 ათას აშშ დოლარამდე ღირს.

 

გარდა აუდი A8-ისა, აუქციონზე იყიდება ერთი „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო“ და ბოლო წლებში გამოშვებული ხუთი  C კლასის მერსედესი.

მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერიამ 2011 წლის ბიუჯეტში 10%-მდე შეამცირა მერიის უმაღლესი რგოლის თანამშრომლების ხელფასები, ასეევ შემცირდება სამივლინებო ხარჯები, მერიის თანამშრომლებს კი იაფფასიანი ავტომობილები მოემსახურებათ.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი