ახალი ამბები

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წელს განიხილება – The Washington Post

10 დეკემბერი, 2025 •
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წელს განიხილება – The Washington Post

ვაშინგტონი და კიევი, რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, განიხილავენ წინადადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა შესაძლოა ევროკავშირში 2027 წელს გაწევრიანდეს.

ამის შესახებ The Washington Post-ის მიმომხილველი, დევიდ იგნატიუსი, ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, უკრაინის ასეთი სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას აშფოთებს, თუმცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ შეძლებს უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევას, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.

როგორც The Washington Post-ის მიმომხილველი წერს, ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის წევრობა ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებას, ასევე, უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლას.

უკრაინა, საქართველოსა და მოლდოვის მსგავსად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ასევე ეს სამი ქვეყანა ევროკავშირის ასოცირებული ტრიოს წევრია. თუმცა ამ მომენტისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, 2024 წლის ივნისში ევროპული საბჭოს სამიტზე მხარი დაუჭირა მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებას. თუმცა უნგრეთი უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახნას ბლოკავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი