აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ორპარტიული ხელმძღვანელობა განცხადებას ავრცელებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობებეზე.

ჰელსინკის კომისიის პრესრელიზში BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებების მიგნებები პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ მოხსენიებულია როგორც „სარწმუნო მტკიცებებულებები“, რის შემდეგაც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ უიკერმა, თანათავმჯდომარე კონგრესმენმა ჯო უილსონმა და წამყვანმა წევრებმა – სენატორმა შელდონ უაითჰაუსმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„ბოლო დროს მიღებული ცნობები იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, უკიდურესად შემაშფოთებელია. ამ ქიმიურმა თავდასხმებმა მსხვერპლებს დამწვრობები და ხანგრძლივი ჯანმრთელობის პრობლემები დაუტოვა და წარმოადგენს ადამიანის უფლებათა იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელთა დაცვაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება. მსგავსი ქცევა „ქართულ ოცნებას“ აყენებს ერთ რიგში რუსეთისა და ჩინეთის კორუმპირებულ მმართველებთან, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ხელისუფლების შესანარჩუნებლად უკან არაფერზე იხევენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელობა აშშ-ის ხელისუფლებას და მოკავშირეებს მოუწოდებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და დააწესონ შესაბამისი სანქციები პასუხისმგებელ პირებზე. ასევე, მოუწოდებენ კოლეგებს კონგრესში, მიიღონ MEGOBARI აქტი — „ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს მისცემს საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის.“