ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი თურქეთში დააკავეს

1 დეკემბერი, 2025 •
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი თურქეთში დააკავეს

თურქეთში დააკავეს ოპოზიციური სტრუქტურის წარმომადგენელი გიულთექინ ჰაჯიბეილი, ხოლო აზერბაიჯანში- რუსეთის მოქალაქე და სახალხო ფრონტის პარტიის წევრი სალეხ რუსტამოვი. ოპოზიციის განცხადებით, ორივე შემთხვევა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის ლიდერის, ალი ქარიმლის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებს უკავშირდება.

აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს

30 ნოემბრის ღამით თურქეთში დააკავეს აზერბაიჯანის ეროვნული დემოკრატიული ძალების საბჭოს წევრი გიულთექინ ჰაჯიბეილი, რომელსაც დეპორტაციის საფრთხე ემუქრება. პარტიის მონაცემებით, ბოლო ორი თვეა სტამბოლში ცხოვრობდა და პროსამთავრობო მედიაში დაწყებულ კამპანიას მის წინააღმდეგ აბსურდულ ბრალდებად მიიჩნევდა.

გიულთექინ ჰაჯიბეილმა იმ ღამეს Facebook-ზე დაწერა, რომ მის ბინასთან თურქმა ძალოვნებმა მიაკითხეს:

„ახლახან კარზე დააკაკუნეს ბინაში, სადაც შვილთან ერთად ვცხოვრობ სტამბულში. მოვიდნენ ძალოვნები და პოლიციაში მივყავართ. ამის საფუძველი არ არსებობს. თურქეთში 25 სექტემბერს ჩამოვედი და ჩემი აქ კანონიერად ცხოვრების სამთვიანი ვადა ჯერ არ ამოწურულა. გარდა ამისა, ორწლიანი ბინადრობის ნებართვა მაქვს. სავარაუდოდ, თურქეთი ჩემი დეპორტაციისთვის აზერბაიჯანის მთავრობის მოთხოვნას ასრულებს“, – დაწერა მან.

ამასთან, აზერბაიჯანის გედაბეის რაიონში დააკავეს რუსეთის მოქალაქე და პარტიის წევრი სალეხ რუსტამოვი, რომელიც ბაქოში გადაიყვანეს. პარტიაში ამ დაკავებებს ალი ქარიმლის საქმის გაგრძელებად მიიჩნევენ. ქარიმლი, მისი მრჩეველი და რამდენიმე აქტივისტი 29 ნოემბერს ჩხრეკების შემდეგ დააკავეს, რასაც პარტია „პოლიტიკურ ანგარიშსწორებად“ აფასებს.

2024 წელს აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. 2025 წლის ოქტომბერში „პოლიტპატიმრების თავისუფლების კავშირმა“ ახალი სია გამოაქვეყნა – უკვე 392 პირის სახელით. ბოლო წლის განმავლობაში ზრდა რეკორდულია. აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას კვლავ უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი