ახალი ამბები

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კომისიის შეხვედრის დეტალები

17 ნოემბერი, 2010 •
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კომისიის შეხვედრის დეტალები

ოთხი საათი გაგრძელდა 16 პოლიტიკური სუბიექტის შეხვედრა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის. ერთადერთი შედეგი, რომელიც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, გადაწყვეტილების მიღების შეთანხმების წესია.

ამ თემაზე დახურულ შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ორ საათზე მეტხანს მსჯელობდნენ. საბოლოო ჯამში გადაწყდა, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც შეხვედრების მაგიდაზე კონსესუსით მიიღებენ, იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად შევა ძალაში. ხოლო ის საკითხები, რომებსაც ხმათა უმრავლესობით და არა სრული კონსესუსით მიიღებენ შეკრებილი სუბიექტები, პარლამენტში მსჯელობის საგანი გახდება.

“ჩვენთვის მისაღებია, იყოს ისეთი პროცედურა, რომელიც არ დაბლოკავს გადაწყვეტილებას. კონსესუსთან დაკავშირებით ჩვენი მთავარი შენიშვნა ის არის, რომ კონსესუსი შეიძლება გამოდგეს შეთანხმების დამბლოკავი მექანიზმი”,-ამბობს კახა კუკავა, კონსერვატიული პარტიის წევრი.

შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე პავლე კუბლაშვილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ნაციონალური მოძრაობის წევრი, აცხადებდა, რომ მათთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღების წესი იყო კონსესუსი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ ისინი გადაწყვეტილების მიღების წესად ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებდნენ.

“განისაზღვრა შემდეგი შეხვედრების თანმიმდევრულობა. გვექნება მსჯელობა იმ თემებზე, რომლებიც, ზოგადად, უნდა იყოს განსახილველი საკითხები ამ ჯგუფის ფორმატში. მნიშვნელოვანია, რომ  კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მონაწილეთა საკითხი:ყველა ის პარტია, რომელიც კვალიფიციური სუბიექტია, ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ამ საკითხების განხილვაში. ასევე დაზუსტდა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის საკითხი”,-განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

მონაწილეებმა გარდა შეხვედრის წესისა, რამდენიმე სხვა გადაწყვეტილებაც მიიღეს: პირველი შეთანხმება ეხება შეხვედრის საუბრების ჩაწერას, იქნება აუდიო სტენოგრამა, შეიქმნება ოქმი, რომელშიც ყველა პოზიცია იქნება დაფიქსირებული. საერთაშორისო ორგანიზაცია აიფიესი განახორციელებს აღნიშნულ პროცესს.
მეორე, რაც განისაზღვრა, ეს არის მონაწილე პირები– 17 კვალიფიციური და ორი საპარლამენტო პარტია. შეხვედრები ცესკოში ყოველ ოთხშაბათს გაიმართება.

მესამე შეთანხმება ეხება თემებს. საარჩევნო კოდექსში არც ერთი თემა არ იქნება დახურული, რომელიც არ გაიხსნება დისკუსიის ფორმატში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი