Meydan.tv-ს ცნობით, აშშ-ის კონგრესის ადამიანის უფლებათა კომისიის თანათავმჯდომარემ, დემოკრატმა კონგრესმენმა ჯეიმს მაკგოვერნმა (James P. McGovern) აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიმართა წერილით.
წერილში მაკგოვერნი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას სამოქალაქო აქტივისტ ნარგიზ მუხთაროვას მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნისა და მისი მეუღლის, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ ფარიდ მეჰრალიზადეს პატიმრობაში ყოფნის გამო.
„არასამთავრობო ორგანიზაციების საქმის“ ფარგლებში დაპატიმრებები 2025 წლის მარტში დაიწყო. იმ დროს ნარგიზ მუხთაროვას მიმართ შერჩეული იყო პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნის ღონისძიება. ამჟამად მისი სასამართლო პროცესი გრძელდება. მუხთაროვას ბრალად ედება აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 193-1.3.2 (დანაშაულებრივი გზით მიღებული დიდი ოდენობით ქონების ლეგალიზება), 308.1 (თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 313-ე (თანამდებობრივი გაყალბება) მუხლები.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მაკგოვერნმა წერილში აღნიშნა, რომ ნარგიზ მუხთაროვას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები დაუსაბუთებელია და ეს ყველაფერი უფრო ჰგავს ზეწოლის გაგრძელებას მისი მეუღლის დამოუკიდებელ ჟურნალისტურ საქმიანობაზე, რომელიც კონგრესის დაფინანსებით ხორციელდებოდა.
„ნარგიზის წინააღმდეგ ბრალდებები უსაფუძვლოა და ჰგავს ზეწოლის გაგრძელებას ქმრის დამოუკიდებელი ჟურნალისტური მუშაობის გამო, რომელიც კონგრესისის დაფინანსებით ხორციელდებოდა. მე მოვუწოდებ თქვენს მთავრობას, მოხსნას ბრალდებები ნარგიზის მიმართ და გაათავისუფლოს ფარიდ მეჰრალიზადე, რათა მან შეძლოს ოჯახთან გაერთიანება. განსაკუთრებით მაწუხებს ამ მდგომარეობის გავლენა ფარიდისა და ნარგიზის მცირეწლოვან ქალიშვილზე. ის დაიბადა მაშინ, როცა მამა უსამართლოდ იყო დაპატიმრებული, ხოლო ახლა დედაც დაპატიმრების საფრთხის წინაშე დგას. ერთი წლის ბავშვის მშობლების გარეშე დარჩენის შესაძლებლობა სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა კონგრესმენმა მაკგოვერნმა.








