ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბახრუზ სამედოვს სამარტოო საკანში ყოფნის ვადა ერთი თვით გაუგრძელეს

28 ოქტომბერი, 2025 •
ბახრუზ სამედოვს სამარტოო საკანში ყოფნის ვადა ერთი თვით გაუგრძელეს

აზერბაიჯანელ პოლიტოლოგს, ბახრუზ სამედოვს სამარტოო საკანში ყოფნის ვადა ერთი თვით გაუგრძელეს. მისი ახლობლების თქმით, სამედოვი დეპრესიულ მდგომარეობაშია.

29 წლის პოლიტოლოგი და ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბახრუზ სამედოვი ბაქოს სასამართლომ სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით 15 წლით დააპატიმრა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სამედოვი სასჯელაღსრულების დაწესებულების სამარტოო საკანში იმყოფება – მისი ბებია მივიდა კოლონია №11-ში, მაგრამ უთხრეს, რომ 25 ოქტომბრამდე მისი ნახვა შეუძლებელი იყო.

სამედოვი 2024 წლის 21 აგვისტოს დააკავეს, როდესაც არდადეგებზე აზერბაიჯანში ჩავიდა. გამოძიების ვერსიით, იგი სომხეთის წარმომადგენელთა დავალებით წერილებს წერდა და თარგმნიდა. ბრალდება ეფუძნებოდა სამედოვის მიმოწერას სომხეთის სამ მოქალაქე ქალთან. თავად სამედოვი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. ის ცნობილია აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკით, რომელსაც უცხოურ მედიაში ავრცელებდა. მისი დაცვის მხარის თქმით, დაპატიმრების რეალური მიზეზი იყო მისი „ანტისაომარი შეხედულებები“.

როგორც „კავკაზსკი უზელი“ წერს, აქტივისტ ამრახ თახმაზოვის ცნობით, 26 ოქტომბერს სამედოვის ბებია, ზიბეიდა ოსმანოვა, მას №11 კოლონიაში შეხვდა.

„ბახრუზმა ბებიას უთხრა, რომ 25 ოქტომბერს საკანში ყოფნის ვადა ამოეწურა, თუმცა მას კიდევ ერთი თვით გაუგრძელეს. იგი აღშფოთებულია უსაფუძვლო პატიმრობით და პროტესტს გამოთქვამს დახურული სასამართლო პროცესების გამო. ბახრუზი ითხოვს ახსნას, რა სახელმწიფო საიდუმლო გადასცა თითქოსდა მტერს – ის მხოლოდ ომის წინააღმდეგი იყო და მშვიდობას ემხრობოდა“, – განაცხადა თახმაზოვმა.

სამედოვის თქმით, იგი დეპრესიულ მდგომარეობაშია და სასოწარკვეთილებამდეა მისული. ერთი თვის შემდეგ კი მის გადაყვანას აპირებენ უმბაქის დახურულ პენიტენციურ დაწესებულებაში.

„კოლონიის ხელმძღვანელობამ ბებიას უთხრა, რომ ბახრუზი სამარტოო საკანში მოათავსეს, რადგან მასთან ერთად იმყოფებოდა ყარაბაღის ომის ვეტერანი, რომელთანაც შეიძლება ‘კონფლიქტი’ მომხდარიყო. რატომ უნდა ჰქონდეს კონფლიქტი ვეტერანს ადამიანთან, რომელიც მხოლოდ მშვიდობას ითხოვდა? თუ ასე ეშინიათ კონფლიქტის, ვეტერანი უნდა გადაიყვანონ სხვაგან და არა ბახრუზი უმბაქიში“, – თქვა აქტივისტმა.

82 წლის ზიბეიდა ოსმანოვა სამედოვის ერთადერთი ნათესავია. როგორც ადვოკატი ზიბეიდა სადიგოვა ადრეც ამბობდა, ბახრუზს ბავშვობიდან ბებია ზრდიდა და მათ გარდა ოჯახში სხვა არავინ დარჩათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი