“მიუხედავად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების მიმართულებით მიღწეული პროგრესისა, რიგი ჰუმანიტარული საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება”, – როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა „სომხეთის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი, საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.
„როცა ვსაუბრობთ მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციაზე და მეზობლური ურთიერთობების დამყარებაზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი ან რთულად გადაწყდება. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა ითქვას ბაქოში დაკავებული მძევლებისა და ტყვეების გათავისუფლების საკითხი“, – თქვა მირზოიანმა.
მინისტრის თქმით, ტყვეთა საკითხი, ისევე როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, რჩება სომხეთის პრიორიტეტად.
„თუ მკითხავთ ჩემს პირად აზრს, ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბარიერია, რომლის სირთულე ბუნებრივად უკავშირდება კონფლიქტის ხანგრძლივ ისტორიას. ამ მიმართულებით კიდევ საჭიროა სერიოზული ძალისხმევა“, – თქვა მან.
მისივე თქმით, პრობლემა დაკავშირებულია სომხურ და აზერბაიჯანულ საზოგადოებებს შორის ჩამოყალიბებულ უნდობლობასთან და ხანგრძლივი მტრობის ისტორიასთან:
„ეს არის ამ ორ საზოგადოებას შორის არსებული ურთიერთდაუჯერებლობის გამოვლინება ორ ქვეყანას შორის არსებული მტრობისა და სისხლიანი წარსულის გათვალისწინებით“, – განაცხადა მირზოიანმა.
ამასთან, მისივე თქმით, სომხეთი დარჩება ერთგული ყველა ჰუმანიტარული საკითხის გადაჭრისა და მშვიდობიანი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნის საქმეში:
„გვჯერა, რომ აუცილებელია მშვიდობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნა სომხეთის ირგვლივ და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმუშავებთ ყველა ამ პრობლემის მოგვარებაზე”.
აზერბაიჯანმა 2023 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის შემდეგ დააკავა და ბრალდებები წაუყენა რეგიონის ყოფილ ხელმძღვანელებს – არკადი ღუკასიანს, ბაკო სააკიანს, არაიკ არუთუნიანს, დავით იშხანიანს, დავით ბაბაიანს, ლევონ მნაცაკანიანს, დავით მანუკიანს და რუბენ ვარდანიანს.
ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, აზერბაიჯანში ამ დროისთვის 23 სომეხი ტყვე იმყოფება.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
