“სომხეთის რესპუბლიკის მზადაა, უკვე დღევანდელი დღიდან უზრუნველყოს სატვირთო ავტომობილების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და პირიქით, მარგარა–იეღეგნაძორ–სისიან–გორისის მარშრუტი”, – „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მუდმივი კომისიების ერთობლივ სხდომაზე, სადაც განიხილებოდა „სომხეთის რესპუბლიკის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი.
„თუ დავუშვებთ, რომ თურქეთიდან სატვირთო მანქანა მიდის მარგარის სასაზღვრო-გადასასვლელ პუნქტთან აზერბაიჯანში გასამგზავრებლად, ჩვენ ეს უკვე დღესვე შეგვიძლია უზრუნველვყოთ. ჩვენი გზები გორისამდე და კორნიძორამდე კარგ მდგომარეობაშია. იცით, რომ კორნიძორშიც გვაქვს გარკვეული ინფრასტრუქტურა და შეგვიძლია მომსახურება, მათ შორის საპირისპირო მიმართულებითაც. ანუ, თუ კორნიძორის მხრიდან აზერბაიჯანული სატვირთო მივა თურქეთში გადასასვლელად, ეს უკვე დღესვე შეგვიძლია განვახორციელოთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, ეს აზერბაიჯანისადმი საპასუხო ნაბიჯია.
„ისევე, როგორც აზერბაიჯანმა მოხსნა ჩვენთვის სატრანზიტო შეზღუდვები, ჩვენც ვხსნით ტრანზიტის შეზღუდვებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 8 აგვისტოს, ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების წინასწარი ხელმოწერის შემდეგ, ორი ქვეყნის შორის მშვიდობა დადასტურებული ფაქტია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა გააუქმა ყველა შეზღუდვა სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტზე. მოგვიანებით სომხეთის რესპულიკის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მიესალმება აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტის ყველა შეზღუდვის მოხსნის შესახებ. ხოლო სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა განაცხადა, რომ მალე ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში შევა ხორბლის პირველი პარტია.







