ახალი ამბები

აქტივისტების ინფორმაციით, პროტესტში ჩართული კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს

17 ოქტომბერი, 2025 •
აქტივისტების ინფორმაციით, პროტესტში ჩართული კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს

აქტივისტების ინფორმაციით, 17 ოქტომბრის ღამეს რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ დაკავებას 4 ოქტომბრის აქციას უკავშირებენ.

ნეტგაზეთი ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ დეტალებს დააზუსტებენ და დაგვიკავშირდებიან. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

დაკავებულთა შორისაა მარიამ მეყანწიშვილი. აქტივისტების ინფორმაციით, ის დააკავეს საკუთარ სახლში, სადაც 6 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა.

გარდა ამისა, დაკავებულია სიმონ მახარაძე. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ბიძაშვილმა გაავრცელა.

“დილის 7 საათია. ზუსტად ნახევარი საათის წინ სახლში შემოგვივარდნენ. ჩემი ბიძაშვილი დააკავეს. სიმონ მახარაძე. ავტომატებით ხელში შემოვარდნენ. ბავშვებს იარაღი დაადეს თავზე […] ავტომატი დაადეს მცირეწლოვან ბავშვებს. სახლში შემოვარდნა არ აკმარეს და ძაღლებს მოგიკლავთო, კნუტებსაც დაგიხოცავთო […] 4 წლის ბავშვი შეშინებული იყო, ავტომატი დაადეს თავზე. მე არაო, ბავშვი იძახდა. ამნაირი ქვეყანა გინდათ?! ერთი ადამიანის დასაკავებლად … ტერორისტია? იცოდნენ, რომ სახლში ბავშვები იყვნენ და ამხელა რეიდი და სპეცოპერაცია ჩაატარა შინაგანს საქმეთა სამინისტრომ ისე, რომ არ გაითვალისწინა ბავშვები. ორი ბატალიონი ხალხი შემოვარდა ავტომატებით”, – ამბობს მახარაძის ბიძაშვილი.

აქტივისტ ნათია გაბრავას ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან: დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, დათო ღურწკაია, თემურ ქურციკიძე, მიხეილ თოლორაია, გია თოლორაია და კახა კვაჭანტირაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი