ახალი ამბები

ლეიბორისტები: „ხელისუფლება მეტროს რევოლუციას მიიღებს“

16 ნოემბერი, 2010 • 1069
ლეიბორისტები: „ხელისუფლება მეტროს რევოლუციას მიიღებს“

ლეიბორისტულმა პარტიამ  უკვე იცის, რა საშობაო საჩუქარი ელით ადგილობრივ მოქალაქეებს  თბილისის თვითმმართველობისგან. ლეიბორისტ პაატა ჯიბლაძის თქმით, ახალი წლიდან მეტროთი მგზავრობის საფასური გაორმაგდება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

დღეს ლეიბორისტები  მარჯანიშვილის მეტროს წინ,  მათი ოფისიდან ასი მეტრის მოშორებით, შეიკრიბნენ. მიტინგზე ორმოცდაათამდე ადამიანი მივიდა. აქციის მონაწილეები მეტროთი მგზავრობის ტარიფის სამომავლო მომატებას აპროტესტებდნენ.

ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელი მდივნის პაატა ჯიბლაძის თქმით,  ხელისუფლება აგრძელებს მოსახლეობის მიზანმიმართულ გაღატაკებას:

«ახალი წლიდან თბილისელებს სიურპრიზი ელით. რამდენი თბილისელი სარგებლობს მეტროთი, რომ ოჯახში ლუკმა პური შეიტანონ?! ხელისუფლების ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დააზარალებს მათ და ხელისუფლება მეტროს რევოლუციას მიიღებს.»

ლეიბორისტები  მოითხოვენ, რომ მოქალაქეების მგზავრობის ფულით არ გაიზარდონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზღვარგარეთული ვოიაჟების ბიუჯეტი.

ჯიბლაძის თქმით, მერიიდან მას სანდო პირმა აცნობა თბილისის მერიის გადაწყვეტილება, რომ  მეტროთი მგზავრობის საფასური გაორმაგდება.

აქციაზე მეტროს წარმოამდგენლები არ გამოჩენილან. თბილსის მეტროს საზოაგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თამაზ რობაქიძემ განაცხადა, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობს:

«ჩვენ ვართ მომსახურე კომპანია, რომლის მფლობელი არის თბილისის მერია. ფასების დარეგულირება არის მერიის  პრეროგატივა.

თბილისის მერიის პრესასმახურიდან ნანუკა ზაქარეიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ჯერჯერობით მერია არ აპირებს მეტროთი მგზავრობის საფასურის მომატებას:

«დღევანდელ დღემდე ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.»

აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ ინფორმაცია მეტროთი მგზავრობის ფასების მომატებასთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიისგან აქვთ. ლეიბორისტები კი წყაროს დასახელებისგან თავს იკავებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი