საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც დღეს ქუთაისში იმყოფება, საქართველოს მთავრობის სახლის მშენებლობა გახსნა.
“თქვენ გეგონათ, რომ მარტო პარლამენტი გადმოდიოდა, მაგრამ ნელ–ნელა ვიპარებით, ნაბიჯ–ნაბიჯ. ჯერ შემოგაპარეთ პარლამენტი, ახლა – მთავრობა და ასე, ვახორციელებთ ქუთაისის მეორე დედაქალაქად ქცევის პროექტს. და ეს არის მნიშვნელოვანი დღეს იმიტომ, რომ ეს მთავრობის სახლი გაიხსნება ერთი წლის თავზე. პარლამენტს დასჭირდება წელიწადნახევარი. მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პარლამენტის შენობა გვექნება, ყოველ შემთხვევაში, რაც მინახავს”,–განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის ქუთაისში გადმოტანის ერთ–ერთი ინიციატორი და გადაწყვეტილების მომხმრე თბილისის მერი გიგი უგულავა იყო.
“მე მინდა გვესმოდეს, თუ რატომ – ქუთაისი. გეოგრაფიულად სუფთა, საქართველოს ცენტრი გადის ცოტა ხაშურზე და ცოტა დასავლეთისკენ, მაგრამ ყველაზე ახლო მყოფი დიდი ქალაქი არის ქუთაისი”.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხალხის აზრით, დეპუტატების გადაყვანა თბილისიდან ქუთაისში უფრო ძვირი დაჯდებოდა.
“და ვინ თქვა, რომ დეპუტატები უნდა იყვნენ თბილისელები? ეს პარლამენტი არის მთელი საქართველოს წარმომადგენლობითი პარლამენტი”, – განაცხადა პრეზიდენტმა დღეს ქუთაისში გამოსვლისას.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავრობის სახლში, რომლის მშენებლობაც დღეს მანვე გახსნა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლობა იქნება წარმოდგენილი.
დღესვე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობის 6 პრინციპი დაასახელა: სიმცირე, მობილურობა, ეფექტურობა, არაკორუმპირებულობა, ინოვაციურობა და გლობალურობა.