ახალი ამბები

ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ მანდატურების მიერ თავდასხმაზე განგაშის სიგნალი ჩართო

6 ოქტომბერი, 2025 •
ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ  მანდატურების მიერ თავდასხმაზე განგაშის სიგნალი ჩართო

ევროსაბჭოს ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ „პუბლიკისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებზე სასამართლოს მანდატურების მიერ თავდასხმის, მუქარისა და ხელის შეშლის გამო განგაშის სიგნალი ჩართო.

საუბარია პირველ ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარზე. ამ დღეს კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრისთვის, გელა ხასაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მანდატურებმა ხასაიას გულშემატკივრებს სასამართლო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

„პუბლიკის“ ჟურნალისტი მინდია გაბაძე აცხადებს, რომ ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი დაემუქრა. მისი თქმით,  დავით მატიაშვილმა რამდენიმეჯერ სცადა, რომ ფიზიკურად გასწორებოდა.

ამავე დღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა, ნატალი ჯახუტაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა ტელეფონი წაართვა და გაუტეხა. თანამშრომელმა ტელეფონი წაართვა და გატეხილი დაუბრუნა.

„მოძალადე მანდატური, რომელმაც დამილეწა ტელეფონი სასამართლოს დერეფანში, დავით მატიაშვილია! თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურმა ხელიდან გამომტაცა მობილური ტელეფონი ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე და დამიბრუნეს 15 წუთში უკვე გატეხილ მდგომარეობაში!“, – აცხადებს ნატალი ჯახუტაშვილი.

„მედიის ადვოკატირების კოალიციამ, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების დამცველ 17 ორგანიზაციას, განაცხადა, რომ სასამართლოები უსამართლობისა და ძალადობის ადგილებად იქცა, ჟურნალისტების წინააღმდეგ კი სასტიკი ინციდენტები მათი პროფესიული ცხოვრების რუტინა გახდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ასევე დაგმო ინციდენტები და მოუწოდა პროკურატურას, გამოეძიებინა მატიაშვილის საქციელი“, – ნათქვამია ევროსაბჭოს ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი