ახალი ამბები

ვინ დაჭრა კობახიძე?

15 ნოემბერი, 2010 • • 1496
ვინ დაჭრა კობახიძე?

თელავის ტელეკომპანია თანამგზავრის დირექტორის დაჭრის ფაქტზე რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. ასოციაცია შსს–ს და პროკურატურას საქმის გამოძიებას სთხოვს.

ენრი კობახიძის დაჭრის თაობაზე დღეს დილით გახდა ცნობილი. 10 საათზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია თელავის ტელევიზიის დირექტორის დაჭრის თაობაზე.

ცენტრი წერდა, რომ ენრი კობახიძე გვიან ღამით დაჭრეს, როდესაც იგი ქორწილში იმყოფებოდა. აღნიშნულ მასალაში ავტორი წერდა, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებდა, თუ ვინ დაჭრა.

მოგვიანებით, ნეტგაზეთი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ნათია კუპრაშვილს დაუკავშირდა.

მან გვითხრა, რომ კობახიძემ თავდამსხმელის კონკრეტული სახელი და გვარი დაასახელა – გელა ჭვრიტიძე.

„ენრი კობახიძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ  ჟურნალისტური გამოძიებების ციკლის მომზადება დაიწყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ თანამშრომელთა  მხრიდან გახშირდა ზეწოლის მცდელობები, რასაც  14 ნომებერს, 21 საათზე,  სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცრის გელა ჭვრიტიძის მხრიდან ენრი კობახიძეზე განხორცილებული თავდასხმა მოჰყვა“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ გაავრცელა.

კუპრაშვილი ამბობს, რომ  შეხვდნენ კობახიძეს, რომელმაც  თავდასხმის ფაქტის შესახებ უამბო. ტელევიზიის დირექტორი ამბობს, რომ მან თავის დაცვა შეძლო. განცხადებაში ნათქვამია, რომ კობახიძეს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

კობახიძეს პოლიციისთვის არ მიუმართავს. ნეტგაზეთი დაუკავშირდა ტელევიზიის დირექტორს. მან ჩვენთან საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ხვალ გამართვას პრესკონფერენციას, რომელზეც ყველა კითხვას უპასუხეს.

ნეტგაზეთის კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია პოლიციას მისი დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, კობახიძე ამბობს: „ჩვენები წაიყვანეს დაკითხვაზე“.

პასუხი კითხვაზე, თუ ვინ არიან ჩვენები, კობახიძეს არ გაუცია.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თელავის პოლიციის უფროსს, შოთა ბეჟანიშვილს. კითხვაზე, არის თუ არა მისთვის ცნობილი კობახიძის დაჭრის ფაქტი, მან გვიპასუხა, რომ კომენტარს არ გააკეთებს. კომენტარის არგაკეთების მოტივი არ აგვიხნა: “ხომ გითხარით, კომენტარს არ გავაკეთებ“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი