თეთრიწყაროს სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცის დაჭრის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ა.ბ. და წარსულში ნასამართლევი, 1969 წელს დაბადებული პ.ე. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო თეთრიწყაროში, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანგარიშსწორების მიზნით, 1982 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

დაჭრილი კაცი მოთავსებულია კლინიკაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.