თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას “ტრამპის გზა საერთაშორისო კეთილდღეობისა და მშვიდობისკენ”.
მშვიდობის ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ვაშინგტონში სამმხრივი შეხვედრის დროს გაფორმდა, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
აზერბაიჯანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ცდილობდა სატრანსპორტო დერეფნის შექმნას სომხეთის ტერიტორიის გავლით, რომელიც დააკავშირებს ქვეყნის ძირითად ნაწილს მის ექსკლავთან — ნახიჩევანთან, რომელიც ბაქოს მოკავშირე თურქეთს ესაზღვრება.
ამ მარშრუტის ფუნქციონირება მოხდება სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო აშშ ამ მიწის სუბქირავნებას გადასცემს რომელიმე კონსორციუმს ინფრასტრუქტურის განვითარების და მართვის მიზნით.
თეთრი სახლის ცნობით, მომდევნო კვირას იგეგმება ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება იმის თაობაზე, თუ რომელი ამერიკული სტრუქტურები დაიწყებენ სატრანზიტო მარშრუტის მართვას.
