პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მოსამართლე ნინო სახელაშვილს არ ეყოფა გამბედაობა, რომ მზია ამაღლობელის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალოს და პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
როგორც კუპრაძე აცხადებს, მოსამართლე სახელაშვილი რუსული რეჟიმის დავალებას ასრულებს, შექმნილ ვითარებაში კი ერთადერთი იმედი საზოგადოებრივი წნეხია.
„საზოგადოების განწყობა ცხადად ამბობს ერთ მარტივ მოცემულობას – მზია ამაღლობელი არის სისტემის მსხვერპლი, სიმბოლო, რომელიც წინააღმდეგობას წევს და არანაირად არ დაჰყვება შეთავაზებებს, რომელიც რეპრესიული სისტემის მხრიდან კეთდება. როდესაც იბრძვი, ბრძოლა არის ბოლომდე – მზია ბოლომდე ბრძოლის სიმბოლოდ იქცა! სახელაშვილ-მურუსიძის სასამართლოს იმედი არც მზიას და არც სხვა არავის არა აქვს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
- რა ხდება
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.
სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.
