უკრაინის უმაღლესმა რადამ, 331 ხმით 0-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის დაბრუნებას ჰპირდება.
ძალაში შესვლამდე კანონპროექტს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.
პარლამენტის სხდომა საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები დეპუტატებისგან კანონპროექტის მხარდაჭერას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ რადამ 22 ივლისს მიიღო და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოების — უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) — უფლებამოსილებებს ზღუდავს და მათ გენერალურ პროკურატურას უქვემდებარებს.
გადაწყვეტილებას უკრაინაში — პროტესტი და აქციები, ევროკავშირის მხრიდან კი კრიტიკა მოჰყვა.
ანტიკორუფციული ორგანოების შემზღუდავი კანონის მიღებას წინ უძღოდა სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ НАБУ-ის რიგი თანამშრომლების დადანაშაულება სახელმწიფო ღალატში, რუსეთთან უკანონო ვაჭრობასა და კორუფციაში.
პროტესტის შემდეგ ზელენსკიმ ახალი კანონპროექტი დააინიცირა და თქვა, რომ როგორც ჩანს, საზოგადოებასთან არასათანადო კომუნიკაცია შედგა. ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტის კანონპროექტის მომზადებაში და ის აღადგენს ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის გარანტიებს.
ამ თემაზე:
ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელსაც EU-ის კრიტიკა და აქციები მოჰყვა
ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელსაც EU-ის კრიტიკა და აქციები მოჰყვა
