Unicef-ის წარმომადგენლობის საქმიანობა აზერბაიჯანში 3 სექტემბრიდან შეწყდება – ამის შესახებ სააგენტო Report-ს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ირინა მაზურმა განუცხადა. იუნისეფი აზერბაიჯანში 1993 წლიდან მუშაობდა.
„იუნისეფის აზერბაიჯანში საქმიანობა 2025 წლის 3 სექტემბერს დასრულდება. აზერბაიჯანში პარტნიორებთან თანამშრომლობა გაგრძელდება რეგიონული ოფისისა და ცენტრალური შტაბის მეშვეობით“, – განაცხადა მან.
2025 წლის მარტში აზერბაიჯანის მთავრობასთან აფელირებული მედიები წერდნენ, რომ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR), საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის (ICRC) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბაქოს წარმომადგენლობებს შეატყობინეს, რომ აზერბაიჯანი უნდა დაეტოვებინათ და ეს გადაწყვეტილება შესაბამის დონეზე ოფიციალურად გადაეცათ.
3 მარტს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში გაეროს განვითარების კოორდინაციის ოფისის დირექტორს, ქი-იოპ სონს, შეხვდა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ გაეროს ზოგიერთ სააგენტოსთან თანამშრომლობა მომავალში გაგრძელდება, ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად, პროექტებზე დაფუძნებული თანამშრომლობის მექანიზმების და უშუალოდ ცენტრალური შტაბების მეშვეობით.
როგორც meydan.tv წერს, 2025 წლის 29 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა მიიღო იუნისეფის აზერბაიჯანის წარმომადგენელი, საჯა ფარუქ აბდულა, მისი დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლობამ აზერბაიჯანში საქმიანობა 2005 წლის მარტში შეწყვიტა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობამ – 2 მაისს, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) – 5 მაისს, ხოლო ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა (UNHCR) – 6 მაისს.
