ახალი ამბები

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ახალი ტექნოლოგიები

11 ნოემბერი, 2010 • 1062
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ახალი ტექნოლოგიები

თბილისში, სასტუმრო რედისონში, სამხრეთ კავკასიის მეშვიდე მედია კონფერენცია გაიხსნა. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა  ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ახალი ტექნოლოგიებია. ღონისძიების ორგანიზატორია ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ასევე, ეუთოს წარმომადგენელი მედიის საკითხებში.

კონფერენციაში, ქართველი ჟურნალისტებისა და რედაქტორების გარდა, მონაწილეობენ მედიის წარმომადგენლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან, აშშ-დან და ავსტრიიდან.  დღეს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა  ადამიანის უფლებების სპეციალისტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,  გამოხატვისა და მედიის თავისუფლების საკითხებში ჰელენ დარბიშე. იგი მადრიდში მოქმედი ორგანიზაცია Access info Europe-ის აღმასრულებელი დირექტორიცაა. მან ისაუბრა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ევროპაში და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.

ჰელენ დარბიშემ კონფერენციის მონაწილეებს მოკლედ უამბო ევროპაში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მიღებული კანონმდებლობის ისტორია. კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის თავისუფლების შესახებ  ევროპაში პირველად შვედეთმა  მიიღო 1960-ან წლებში. სხვა  სახელმწიფოებმა მსგავსი კანონმდებლობის მიღება ეტაპობრივად დაიწყეს. 2000 წელს ასეთი კანონმდებლობა მიიღო მსოფლიოს 40-მა ქვეყანამ, 2010 წელს კი– 82-მა.

ჰელენ დარბიშეს თქმით, 2009 წელს ევროპის საბჭომ მიიღო კონვენცია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ, მაგრამ მისი რატიფიცირება დღემდე მხოლოდ სამმა ქვეყანამ– შვედეთმა, ნორვეგიამ და უნგრეთმა – მოახდინა. ხელმომწერები კი გაცილებით ბევრი არიან, მათ შორისაა საქართველო. სხვა ქვეყნების მსგავსად, ამ კონვენციის რატიფიცირება, ხელმოწერის მიუხედავად, საქართველოში ჯერ არ მომხდარა.     

ჰელენ დარბიშემ, ასევე, ისაუბრა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. მან დარბაზში მყოფებს ჰკითხა, საჯარო ინფორმაცია თუნდაც ერთხელ რამდენ ადამიანს ჰქონდა გამოთხოვილი. ხელი მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტმა აწია, მათ შორის, ძირითადად, სომხური და აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა, მათ უმრავლესობას სასურველი საჯარო ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არ მიუღია. დარბიშემ აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმა აუცილებლად უნდა გამოითხოვონ საჯარო ინფორმაციები, რადგან,  შესაძლოა, ამ გზით ისეთი ინფორმაციაც კი მიიღო, რომელსაც საერთოდ არ ელოდებოდი.  მან ჟურნალისტებს, ასევე, გააცნო ის ჟურნალისტური წესები, რითიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას უნდა იხელმძღვანელონ. 

მან ისაუბრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბოლო დროს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის შესახებ. მსგავსი წესები უკვე ათეულობით სახელმწიფომ შემოიღო. საილუსტრაციოდ ელენ დარბიშემ კონფერენციის მონაწილეებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  ვებ–გვერდი და ინფორმაციის გამოთხოვის ელექტრონული ფორმა აჩვენა. მან თქვა, რომ ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა საჯარო ინფორმაციის მეტ გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს  და სასურველი ინფორმაციის მოძიებას უფრო მოხერხებულს გახდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი