თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თვალჭრელიძის ქუჩიდან მოსახლეობის გამოსახლებასთან მერია არაფერ შუაშია.

მისი თქმით, შენობა, საიდანაც მოსახლეობას ასახლებენ, კერძო საკუთრება იყო და მესაკუთრეს სასამართლო მოგებული აქვს.

როგორც კალაძე ამბობს, შენობა ავარიულია და მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი გამოყვანა მოხდება.

„მერიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა, თუმცა დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ავარიულია და საჭიროებს გამოთავისუფლებას, ადამიანების გარკვეული რაოდენობა იყო შეჭრილი. ეს იგივეა, რომ თქვენს საკუთარ საცხოვრებელში ვინმე შეიჭრას და დასახლდეს. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, შენობა ავარიულია და მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი გამოყვანა მოხდება.

არის ცხრა ოჯახი, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა. ორი უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებებით, დანარჩენები კი არ დაეთანხმა აღნიშნულ წინადადებას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მუნიციპალიტეტის თემა არ არის, აღსრულების საკითხია და მიმდინარეობს გამოსახლება. სასამართლო მოგებულია და მიმდინარეობს მისი აღსრულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას 4 პირი დააკავეს. აღსრულების ეროვნულ ბიუროში კი აცხადებენ, რომ შენობა, საიდანაც ხალხს ასახლებენ, სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია.

მათივე განცხადებით, მისამართზე მცხოვრებთა შორის დევნილის სტატუსი აქვს 58 პირს.

„აქედან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან დაკმაყოფილებულია 24 პირი; ბინის მიღებისა და სოფლად სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს 29 პირს, მათ შორს 6 პირს უკვე ეთქვა დადებითი პასუხი, შეთავაზებები უკვე მიიღო მისამართზე რეალურად მცხოვრები 39 ოჯახიდან ნაწილმა. ხოლო 53 ოჯახს დაკავებული აქვს ფართები, თუმცა მისამართზე არ ცხოვრობენ. მათ ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყეს სარემონტო სამუშაოები, რათა შემდგომ მიზანმიმართულად მოეთხოვათ კომპენსაცია.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოუწოდებს უკანონოდ შეჭრილ პირებს, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით, მიიღონ კრედიტორისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შეთავაზებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა დაცული იყოს საკუთრების უფლება და კანონის უზენაესობის პრინციპი“, – აცხადებს აღსრულების ეროვნული ბიურო.