ახალი ამბები

კამათი განათლების ბიუჯეტის სოციალური ასპექტების ირგვლივ

11 ნოემბერი, 2010 • 959
კამათი განათლების ბიუჯეტის სოციალური ასპექტების ირგვლივ

პარლამენტის განათლებისა და სპორტის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი განიხილეს, ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ შენიშვნები გამოთქვა. ლევან ვეფხვაძის თქმით, ბიუჯეტში თანხები საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით არაა გადანაწილებული. ვეფხვაძე  პირველკასელთათვის ნეთბუქების შეძენისა და გადაცემის შესახებ სახელისუფლებო ინიციატივას აპროტესტებს და ამბობს, რომ ნეთბუქების წინააღმდეგი არაფერი აქვს, თუმცა, მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სახელმძღვანელოებით მომარაგება ყოფილიყო პრიორიტეტი.

ვეფხვაძე ამბობს, რომ 4 მილიონი ლარი, რომელიც ამისთვისაა საჭირო, ბიუჯეტში ამჟამად არ არის გათვალისწინებული.

წელს სოციალურად დაუცველთა მხოლოდ იმ ნაწილს გადაეცა სახელმძღვანელოები, რომელთა ქულაც 50 ათასზე ნაკლები იყო. ვეფხვაძის თქმით, უნდა გაიზარდოს სოციალურად დაუცველთათვის უმაღლეს სასწავლებლებში გამოყოფილი გრანტებიც.

ის განმარტავს, რომ 2000 სოციალურად დაუცველი სტუდენტისგან სახელმწიფო მხოლოდ 900–1000 სტუდენტს აფინანსებს ნაწილობრივ. მისი თქმით, უმაღლესი განათლება ყველასათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა ვეფხვაძის გამოსვლა სოციალურ პოპულიზმად შეაფასა და უპასუხა, რომ მოსასმენად და სათქმელად ძალიან კარგია, რომ ყველას ვუყიდოთ წიგნები, თუმცა განათლების სისტემაში მიმდინარეობს რეფორმა ისეთი სისტემის შესაქმნელად, რომელიც  საშუალებას იძლევა, სახელმძღვანელოების ფასები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი