ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა (Coreper) რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა European Pravda ავრცელებს. ინფორმირებულმა წყარომ მედიას განუცხადა, რომ ელჩებმა სანქციების პაკეტი, დღეს, 18 ივლისს, დილით დაამტკიცეს.

„დილით Coreper-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი მიიღო. ეს იყო დღის წესრიგში არსებული ერთადერთი საკითხი“, – განუცხადა წყარომ European Pravda-ს და დასძინა, რომ სანქციების პაკეტის ფორმალური დამტკიცება დღესვე მოხდება ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე.

პაკეტის დამტკიცებას სლოვაკეთის და მალტის წინააღმდეგობა აფერხებდა. თუმცა, European Pravda-ს ცნობით, სლოვაკეთმა და მალტამ პირობა დადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტზე ვეტოს მოხსნიდნენ.

ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი მოიცავს მთელ რიგ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკის ინდუსტრიისთვის დამატებითი დარტყმის მიყენებას.

Reuters-ის ცნობით, დიპლომატებმა განუცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ უახლესი სანქციების პაკეტი G7-ის ნავთობის ფასების ლიმიტს ბარელზე 47.6 დოლარამდე შეამცირებს.

„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ მე-18 სანქციების პაკეტის შეთანხმებას. ჩვენ ვურტყამთ რუსეთის საომარი მანქანის გულს. მიზანში ამოიღეთ მისი საბანკო, ენერგეტიკული და სამხედრო-სამრეწველო სექტორები და დავაწესეთ ნავთობის ფასების ახალი დინამიკური ლიმიტი“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის განცხადებით, ევროკავშირის ახალი საქნციების სამიზნე მისი საომარი ეკონომიკის გულია.

„ჩრდილოვანი ფლოტის 100-ზე მეტ გემზე, 22 რუსულ ბანკზე დამატებითი სანქციებით, Nordstream 1-ისა და 2-ის აკრძალვით და ნავთობის ფასების ლიმიტის შემცირებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რუსეთმა არ გადაუხვევს სისხლიანი ფულის ამოწურვის გზას.

ევროკავშირმა გზა გაკვალა. ახლა იდეალური ქარიშხლის დროა – აშშ-ის სენატი უყრის კენჭს რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომელიც დამანგრეველ ტვირთად დააწვება რუსეთის ეკონომიკას და მათ, ვინც რუსეთის აგრესიულ ომს კვებავს“, – დაწერა X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.