ახალი ამბები

ომბუდსმენი ლილოს ბაზრობაზე მომხდარ ინციდენტზე

11 ნოემბერი, 2010 • • 1136
ომბუდსმენი ლილოს ბაზრობაზე მომხდარ ინციდენტზე

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ლილოს ბაზრობაზე მომხდარი ინიციდენტი 21 ოქტომბერს შეისწავლა. შედეგად დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის მისვლამდე, ინციდენტში მონაწილე პირებს ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი, რაც არღვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს.

ინციდენტის დროს ლილოს ბაზრობას იცავდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და შპს “ელსავაკოს” (ლილოს ბაზრობის) კერძო დაცვის თანამშრომლები.

შპს „ელსავაკოს“ (ე.წ. ლილოს ბაზრობის) ტერიტორიაზე მიმდინარე მოვაჭრეთა აქციაზე 21 ოქტომბერს პოლიციის თანამშრომლებმა პოლიტიკური გაერთიანების „ეროვნული ფორუმის“ წევრი კახა ჩაკვეტაძე დააკავეს.

ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ 2 ნოემბერს მათ  შსს სამინისტროს მიმართეს და კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მოსთხოვეს.

3 ნოემბერს სახალხო დამცველმა  საქართველოს მთავარ პროკურორს წერილით მიმართა და მოითხოვა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვაჭრეთა აქციაზე მომხდარი ინციდენტის დროს ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე რეაგირება.

სახალხო დამცველის ოფისმა პოლიტიკური გაერთინება ეროვნული ფორუმის წევრის, ჩაკვეტაძეს პარტიის მიერ წარმოდგენილი მასალები შიესწავლა.

ჩაკვეტაძე შსს–ს ისანი სამგორის სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალად წარედგინა სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ორი დღის შემდეგ, საქალაქო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პარიმრობა შეუფარდა.

აღმკვეთის მოტივი კი დასაბუთებული იყო მისი სავარაუდო მიმალვით, დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ დანაშაულის სიმძიმე  და, ზოგადად, გამოძიების ინტერესები არ შეიძლება იყოს პირის პატიმრობის ერთადერთი საფუძველი. ის მოუწოდებს სასამართლოებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები იყოს დასაბუთებული, რათა დაცული იყო ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლება – თავისუფლების უფლება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი