საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექანდრე ახვლედიანს 30 000- ლარიანი გირაო შეეფარდა. ის სხდომის დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
30 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ. ეს ნიშნავს, რომ ახვლედიანი გათავისუფლდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც თანხას გადაიხდიდა.
დაცვის მხარე დარბაზიდან მის გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატმა ლალი აფციაურმა წარადგინა თორნიკე რიჟვაძის მშობლების წერილობითი განცხადება, რომლითაც ისინი ახვლედიანის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსამართლე საპატიმრო გირაოს განსაზღვრავდა, ახვლედიანი მზად იყო, თანხა ერთი საათის შუალედში გადაეხადა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ დარბაზიდან მისი გათავისფლების გადაწყვეტლება მიიღო.
“თუ ვინმეს ინტერესშია, ჩემს ინტერესშია გამოძიებასთან თანამშრომლობა. ჩემს უახლოეს მეგობარზეა ლაპარაკი. დანაშაული მე ცხოვრებაში არ ჩამიდენია. ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ თორნიკე ცოცხალია და გაირკვევა სიმართლე”, – განაცხადა სხდომაზე ალექსანდრე ახვლედიანმა.
წინასასამართლო სხდომა გაიმართება 27 აგვისტოს, 15:00 საათზე.
ახვლედიანს ბრალი წარდგენილო აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, “რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახვლედიანს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღნიშnული მუხლი სასჯელის სახით, ასევე, მოიაზრებს ჯარიმას, გამასწორებელი სამუშაოს, ან თავისუფლების შეზღუდვას.
ახვლედიანს ბრალი მას შემდეგ წარიდგინეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობაზე. ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
პროკურატურის ვერსიით, 6 ივლისს თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში ესტუმრა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსანდრე ახვლედიანს, შუაღამის დადგომის შემდეგ, 01:00 საათიდან 01:30 საათამდე კი მასპინძლისგან მალულად აიღო ბრალდებულის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი.
“[ახვლედიანს იარაღი] დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში. [რიჟვაძემ იარაღი] მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით, ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თორნიკე რიჟვაძე 7 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული.
მომხდარიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც რიჟვაძე ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს ოჯახის დაცვა სთხოვა.
ამავე თემაზე:
